დავით ბაქრაძე

ბაქრაძე: კვირიკაშვილმა ღიად თქვა, რომ მიდის ბიძინა ივანიშვილთან უთანხმოების გამო

პრემიერმინისტრის ბრიფინგიდან ნათლად გამოჩნდა ორი რამ. პირველი, მან ღიად დაასახელა, რომ ის მიდის ბიძინა ივანიშვილთან უთანხმოების გამო, რომელიც არის ამ ქვეყანაში ყველა გადაწყვეტილების მიმღები და მეორე, მან ისაუბრა ამ ქვეყნის ეკონომიკურ და სხვა ტიპის წარმატებებზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გადადგომის მომენტშიც კი, მთავრობა არის არაადეკვატური და ვერ ხედავს იმ პრობლემებს, იმ კრიზისებს, იმ სირთულეებს, რომელიც დღეს არსებობს ქვეყანაში. ამიტომ ამ ყველაფრიდან გამოსავალი არის მხოლოდ ერთი. ეს არ არის სახელების და გვარების ცვლილება. გამოსავალი არის მთლიანად იმ გუნდის ცვლილება, რომელსაც არ შეუძლია ქვეყნის წინ წაყვანა, არ შეუძლია ქვეყნის ნორმალურად მართვა და არჩევნების გზით, მშვიდობიანად ქვეყნის სათავეში ისეთი გუნდის მოსვლა, რომელიც შეძლებს საქართველოს განვითარებას, სიღარიბის დამარცხებას და ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველყოფას.

პარტია "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, დავით ბაქრაძემ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე ბრიფინგი გამართა.

კომენტარები