სამთვრობო ცვლილებები

ნოდია: კბილაშვილი სექსუალურად მომწიფებულ მთავრობას დაგვპირდა - აშკარად ვერ ასრულებენ

მახსოვს, ოპოზიციური „ოცნება“ არჩილ კბილაშვილის სახით დაგვპირდა, სექსუალურად მომწიფებული ხალხისგან შევადგენთ მთავრობასო. აშკარად ვერ ასრულებენ, განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრების დონეზე.

ჩვენი ახალი პრემიერი რომ ჩვეულებრივი ოპორტუნისტი ბიჭია, ძალიანაც არ უნდა გაგვიკვირდეს - მარტო ჩვენს პოლიტიკაში არ აღწევენ ასეთები წარმატებას.

მეორეს მხრივ, ჩვენი პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესი (ფორმალურ წესებს არ ვგულისხმობ) რომ ასეთ მახინჯ რაღაცებზეა დამყარებული, არც ესაა ახალი და გასაკვირი. ვიღაცას ვიღაცის მაგივრად შეაქვს ფული: კი, თაღლითობაა ერთგვარი, მაგრამ იმდენად გავრცელებული, რომ ასეთად აღარ ითვლება (იურიდიულ ასპექტს არ ვეხები, ვიცი, რომ კანონის დარღვევაა).

მაგრამ პრემიერმინისტრობის კანდიდატი რომ შეკითხვაზე ასეთ ინფანტილურ პასუხს სცემს, ეს უკვე პირადად მისი სერიოზული პრობლემაა. სწორედ ეს პასუხი აჩვენებს, რომ ის არ არის კვალიფიციური კანდიდატი და არა იმ თანხის ჩარიცხვის ფაქტი. ეს ნიშნავს, რომ თავის საქციელზე პასუხისმგებლობის აღება არ შეუძლია და მეორეც მხრივ, ჭკუაც დიდად არ უჭრის. მიიღე მონაწილეობა ნაცმოძრაობის დაფინანსებაში და აღიარე, წერტილი დაუსვი. მერე შეგიძლია მობოდო რამე: "პატარა ვიყავი, სისხლიანი რეჟიმის პირობებში უფროსს უარი ვერ ვუთხარი. ვიცი, რომ მაინც არ უნდა მექნა. იმის შემდეგ ხანდახან ოფლში გაწურულს მეღვიძება და მტარვალებისთვის ჩარიცხული ოცი ათასი მოსვენებას არ მაძლევს. მამაოსთან ვიყავი და შემინდო, ახლა თქვენც შემინდეთ". 

მახსოვს, ოპოზიციური „ოცნება“ არჩილ კბილაშვილის სახით დაგვპირდა, სექსუალურად მომწიფებული ხალხისგან შევადგენთ მთავრობასო. აშკარად ვერ ასრულებენ, განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრების დონეზე.

(პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს რომ ასეთი პასუხის შემდეგ მაინც ამტკიცებენ და ეს გრანდიოზულ სკანდალს არ იწვევს, ამაზე აღარ დავიწყებ - მეტისმეტად დეპრესიული თემაა).

დაწერა პოლიტოლოგმა გია ნოდიამ პრემიერმინისტრობის კანდიდატისა და სამთავრობო ცვლილებების შესახებ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, მამუკა ბახტაძემ 2012 წლის აგვისტოში ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 20,000 ლარი გადაურიცხა. ბახტაძემ თქვა, რომ მას თანხა ენმ-სთვის არასდროს გადაურიცხავს და მისი პირადი ანგარიში ტექნიკურად იქნა გამოყენებული. 

კომენტარები