საბავშვო ბაღები

კალაძე: არავინ გაბედოს ბაღებში ბავშვების ნაცნობობით დარეგისტრირება

რეგისტრაცია დაწყებულია, თუმცა ძალიან ცუდი ხმები მომდის ამასთან დაკავშირებით და მინდა გავაფრთხილო ყველა - არავინ  გაბედოს პროტექცია იმისთვის, რომ ვიღაცის ნაცნობობით და დახმარებით მოხდეს ბავშვების რეგისტრაცია. ეს კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის. მინდა პირდაპირ ვუთხრა ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელს: არავინ გაბედოს არც სააგენტოში, არც მერიაში პროტექცია. ჩვენ ამ ჭაობიდან უნდა ამოვიდეთ ერთხელ და სამუდამოდ. არსებობს ელექტრონული შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ყველას დაკმაყოფილება ვერ მოხდება, მაგრამ ჩვენ საკუთარ თავთან უნდა ვიყოთ მართალი და არავის მივცეთ შესაძლებლობა, რომ მერიაში ნაცნობობით, დეპუტატის ნაცნობობით, საკრებულოში ნაცნობობით და მათი დახმარებით მოხდეს ბავშვების დარეგისტრირება. არსებობს გარკვეული პრინციპები, რომელსაც პატივს ვცემ, ამ პრინციპებით მოვდივარ და ნამდვილად ვერ ვუღალატებ იმას, რა ცხოვრებითაც ვცხოვრობ. კატეგორიულად მიუღებელია და არავის მივცემ შესაძლებლობას, რომ ის ადამიანები დაიჩაგრონ, ვისაც მეგობარი არ ჰყავს მერიაში, დეპუტატი, მინისტრი და ა.შ. ეს უნდა დავასრულოთ. 

თბილისის მერი კახა კალაძე საბავშვო ბაღებში რეგისტრაციაზე. ცნობისთვის, 2018-2019 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის საბავშვო ბაღებში ელექტრონული რეგისტრაცია 18 ივნისიდან დაიწყო და ორ ეტაპად მიმდინარეობს. რეგისტრაციის მეორე ეტაპი 22 ივნისს, 12:00 საათიდან დაიწყება.

კომენტარები