NATO-ს ბრიუსელის სამიტი

მარგველაშვილი: ჩვენთვის წინგადადგმული ნაბიჯია NATO-ს ყველა სამიტი

საქართველოს ჰყავს ძალიან ბევრი მოკავშირე, რომელიც საქართველოთი დაინტერესებულია და აქტიურად აჟღერებს საქართველოს დღის წესრიგს. მათ სურთ საქართველოს ორივე გაერთიანებაში გაწევრიანება. ასევე, ჩვენ გვაქვს ბოლო ათი წლის განმავლობაში არჩეული ნათელი გზა და ჩვენთვის წინ გადადგმული ნაბიჯია ყოველი სამიტი, მათ შორის ეს სამიტიც, სადაც NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერები შეიკრიბნენ და საქართველოსა და უკრაინაში მომხდარს შესაფერისი სახელი - რუსული აგრესია და დამოუკიდებელი სახელმწიფოების ოკუპაცია უწოდეს. ისინი ძალიან მკაფიოდ ამბობენ, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი და ამასთან ერთად გვაძლევენ დამატებით ინსტრუმენტებს, რათა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა.

ჩვენ NATO-ს წევრი ქვეყნების მხრიდან არაერთი ძალისხმევის მომსწრენი ვართ, რომლებიც აქტიურად უჭერენ საქართველოს მხარს, რათა ქვეყანამ გააძლიეროს თავდაცვა და მეტი NATO ვიხილოთ საქართველოში. მიმაჩნია, რომ ჩვენ ძალიან მყარი არგუმენტი გაგვაჩნია, ჩვენი მოკავშირეების გამოცდილებასა და განგრძობით პროგრესზე დაყრდნობით, რომელსაც ჩვენ ყველა ვიხილავთ, თუ დავარქმევთ ყველაფერს შესაბამის სახელს და არ მოვექცევით პროპაგანდის გავლენის ქვეშ.

ბრიუსელის NATO-ს სამიტის ფარგლებში საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებმა მონაწილეობა მიიღეს NATO-ს ახალ სათავო ოფისში გამართულ სიმპოზიუმში - "NATO-ს ჩართულობა- ბრიუსელის სამიტის დიალოგი", რომელზეც სიმპოზიუმის მონაწილეთა კითხვებს უპასუხეს და საქართველო - უკრაინის ალიანსთან ურთიერთობებთან დაკავშირებით დისკუსია გამართეს.

კომენტარები