2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი

პრემიერი რუსეთზე: ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ კონფლიქტის მოწესრიგებისგან

ზუსტად 10 წლის წინ ქართველმა ხალხმა თავის თავზე კიდევ ერთხელ იწვნია რუსეთის ღია სამხედრო აგრესია. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის ფართო სამხედრო ინტერვენციამ და მოგვიანებით საქართველოს თითქმის ყველა რეგიონზე საჰაერო იერიშის მიტანამ მიიღო სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების სახე.

ეს იყო ომი, რომელსაც მოჰყვა საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონის ოკუპაცია, ეთნიკური წმენდის კიდევ ერთი ტალღა და ათეულობით ათასი ახალი დევნილი. აგრესიის შედეგად ათეულობით ქართული სოფელი განადგურდა. რუსეთის ფედერაციამ მოახდინა საქართველოს კონტროლის ქვეშ არსებული 5 ხეობისა და 100-ზე მეტი სოფლის ოკუპაცია. უმძიმესი იყო ადამიანური დანაკარგიც. აგვისტოს ომმა შეიწირა ათეულობით ადამიანი, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე.

10 წლის შემდეგ კვლავ გრძელდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია და უკანონო მოქმედებები მათი ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით. საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის სამშვიდობო ძალისხმევის მიუხედავად, ომის შემდგომი პერიოდი - ეს იყო მავთულხლართების, ძალადობის, მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინების, იზოლაციის, ზეწოლის, ეთნიკური დისკრიმინაციისა და უკანონო დაკავებების 10 წელი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კონფლიქტით დაზარალებული ადგილობრივი მოსახლეობა უმძიმეს პირობებში და ხშირ შემთხვევაში საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად აგრძელებს ცხოვრებას. 

ოკუპაციამ და ადგილზე არსებულმა უკანონობამ, სამწუხაროდ, ომის შემდგომაც შეიწირა მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე. იძულებით გადაადგილებული პირების - არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფა საოკუპაციო რეჟიმების მიერ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ კონფლიქტის მოწესრიგებისგან.

პრემიერმინისტრის გამოსვლა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე - “მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ”

კომენტარები