არჩევნები 2018

პაპუაშვილი: თუ ჟურნალისტები ტვინს გაანძრევენ, მათთვის სასიკეთო იქნება, რა არის არაკორექტული?

ჟურნალისტებმა ტვინი რომ გაანძრიონ, რა მოხდება? რა არის ამაში შეურაცხმყოფელი და არაკორექტული? რომელია უფრო არაკორექტული, როდესაც ჟურნალისტების მნიშვნელოვანი ნაწილი საზოგადოებას ატყუებს და ნერვებს გვიშლიან, თუ სალომე ზურაბიშვილის ეს ნათქვამი? ჩემი დამოკიდებულება ჟურნალისტებთან მიმართებაში ცნობილია, არასდროს დამიმალავს ჟურნალისტების მიმართ ჩემი შენიშვნები. ადამიანები, რომლებიც ტყუიან და არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ... რა თქმა უნდა, ყველას არა, მაგრამ მნიშვნელოვან ნაწილს ხომ ეკუთვნის ეს შენიშვნა? ის უბედურება, რომელიც საქართველოში დატრიალდა, ამაში ლომის წვლილი ჟურნალისტების დევს. თუ ტვინს გაანძრევენ, მათთვის სასიკეთო იქნება. სალომე ზურაბიშვილის გამონათქვამში ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ

ქართული ოცნების დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი აიპრესთან საუბარში ამბობს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში ტრაგიკული არაფერია. ცნობისთვის, ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლესთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, მედიის წარმომადგენლებს ასე მიმართა - “ცოტა ჟურნალისტებმა ტვინიც გაანძრიეთ, ჩაიხედეთ, სად არის ნათქვამი". მოგვიანებით, პრეზიდენტობის კანდიდატმა თქვა, რომ იხუმრა და თუ ვინმემ სერიოზულად მიიღო, ბოდიშს უხდის.

კომენტარები