2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

ნოდია: ივანიშვილის გადაწყვეტილება, არ დააყენოს კანიდატი, ორმაგი აბუჩად აგდებაა

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, არ დააყენოს კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში, ორმაგი აბუჩად აგდებაა. ერთი მხრივ ის აბუჩად იგდებს პრეზიდენტის ინსტიტუტს და ზოგადად დემოკრატიული პოლიტიკის არსს: ეს ფორმალობაა, ამას ყველაფერს მნიშვნელობა არა აქვს. პრეზიდენტი უბრალოდ „ხრუსტალის ვაზაა“, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება? მაგრამ მაინც ჯობია, ქალი იყოს, იმიტომ რომ ქალს ხრუსტალის ვაზობა უფრო მოუხდება.

მეორეს მხრივ ის აბუჩად იგდებს საკუთარ პარტიას, მას უნდობლობას უცხადებს. პარტიაში არავინაა ისეთი, ვისაც ენდობა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში არ უღალატებს: ესაა მთავარი გზავნილი. ვისაც კი ენდო, არავინ გაუმართლა: არც გიორგი მარგველაშვილმა, არც ირაკლი ღარიბაშვილმა, არც გიორგი კვირიკაშვილმა, არც დავით ნარმანიამ. ჯერჯერობით, მხოლოდ დავით სერგეენკო და თეა წულუკიანი გამოადგნენ პირველი კოჰორტიდან. ხო, კიდევ სოზარსაც არაუშავს.

პარტიას, როგორც ჩანს, ესმის, რომ ბიძინამ სწორედ მათ დარტყა. ამიტომ ეს პირველი შემთხვევაა, რომ პარტიის ზოგმა წევრმა გაბედა და თვით ბიძინას ძალიან ფრთხილად, მაგრამ საჯაროდ არ დაეთანხმა. თუმცა, ბოლომდე ხომ ვერ აუჯანყდებიან: ამათ კი ნამდვილად იციან, რომ ბიძინას გარეშე ნულები არიან.

შედეგი ერთია: არც სახელმწიფო ინსტიტუტებს აქვს მნიშვნელობა, არც პარტიებს. არის მხოლოდ ბიძინა.

ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ნოდია facebook-ში წერს.

კომენტარები