ჯონ მაკკეინი

ბაქრაძე: მაკკეინის იმედი ჰქონდათ ყველგან, სადაც თავისუფლებისთვის იბრძოდნენ

თავისუფლების დიდი ქომაგის, ჯონ მაკკეინის გარდაცვალება დიდი დანაკარგია, როგორც მისი სამშობლოსთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის. მისი პრინციპულობა, შთამაგონებელი სიმტკიცე და ღირებულებებისადმი ერთგულება მისაბაძ მაგალითად იქცა მილიონობით ადამიანისთვის. მისი იმედი ჰქონდათ ყველგან, სადაც თავისუფლებისთვისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისთვის იბრძოდნენ. ჯონ მაკკეინი საქართველოს დიდი მეგობარი იყო. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მალევე, ის ერთერთი პირველი ამერიკელი პოლიტიკოსი გახდა, რომელიც ჩვენი ქვეყნით დაინტერესდა. მან განუზომელი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის განმტკიცებაში და საქართველოს განვითარებაში. საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის 2008 წლის აგრესიის დროს ის საპრეზიდენტო კანდიდატი იყო და თავის საარჩევნო კამპანიაში დიდი დრო დაუთმო ჩვენს მხარდაჭერას. მაკკეინის ფრაზა - "დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ" - ტონის მიმცემი გახდა არამარტო ამერიკელი, ასევე ევროპელი პოლიტიკოსების მოქმედებებისთვის. ჯონ მაკკეინი განეკუთვნება იმ მასშტაბის პოლიტიკოსებს, რომლებსაც დავიწყება არ ეხებათ და ღრმად რჩებიან ისტორიაში. თანაგრძნობას ვუცხადებ ჯონ მაკკეინის ოჯახსა და ამერიკელ ხალხს. 

ევროპული საქართველოს ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

კომენტარები