მამუკა მდინარაძე

მდინარაძე: ნაც. მოძრაობის დანაყოფის წევრები ჩავარდნის გადასაფარად სპეკულაციაზე მიდიან

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი დანაყოფის წევრები მათი ჩავარდნის გადასაფარად გაუგონარ სპეკულაციაზე მიდიან. ისინი უკვე ექვსი წელია ხელისუფლებაში აღარ არიან და კიდევ ვერ მიხვდნენ, რომ ადამიანის ტრაგედია მაინც არ უნდა გამოიყენო პოლიტიკური მიზნებისთვის.

საზოგადოება ელოდა აბსოლუტურად განსხვავებულ შედეგს - ჭეშმარიტების დადგენას და არა მათ პოლიტიკურ პროგრამას.

მოცემულ შემთხვევაში ორდღიან, მოკლეფეხებიან ტყუილსაც არ ერიდებიან და საზოგადოების დაჯერებას ცდილობენ, თითქოს ჩვენ კომისიის ბოიკოტირებას ვახდენთ. ურცხვად მოგვიწოდებენ, რომ შევუერთდეთ კომისიის მუშაობას. ეს მაშინ, როდესაც სხდომაზევე დავაფიქსირეთ, რომ ბოლო მომენტში გადმოგზავნილ, საშინლად არაკომპეტენტურ და პოლიტიკურად ანგაჟირებულ დასკვნის პროექტზეც კი განსხვავებულ მოსაზრებებს ორშაბათსვე წარმოვადგენდით.​

დღეს ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც მხოლოდ საპარლამენტო უმცირესობის წევრები ესწრებოდნენ. კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ თქვა, რომ კომისიის წევრებს დასკვნის პროექტი ერთი კვირის წინ გადაეგზავნათ.

კომენტარები