ხორავას ქუჩის საქმე

ნოდია: კომისიამ დამაჯერებლად დაასაბუთა, რომ იყო რეალური დამნაშავის დაფარვის სურვილი

ერთხელაც დავწერ საგამოძიებო კომისიაზე და მოვრჩები. არის სერიოზული პრობლემა, რომ ბევრს სწორად არ ესმის ამ კომისიის დანიშნულება და შემდეგ ხელისუფლება, ცხადია, მაქსიმალურად იყენებს ამ გაუგებრობას.

კომისიის დანიშნულება არ იყო, ჩაენაცვლებინა პროკურატურა და ხორავას ქუჩის საქმე გაეხსნა, ანუ გაერკვია, ვინ არის მკვლელი. კომისია შექმნა განაპირობა საზოგადოების დიდი ნაწილის ვარაუდმა, რომ პროკურატურამ სათანადოდ არ გამოიძია ხორავას ქუჩის მკვლელობა, და ამის მიზეზი იყო არა მხოლოდ ვიღაცის სუბიექტური შეცდომები ან არაპროფესიონალიზმი, არამედ რეალურ დამნაშავეზე ან დამნაშაეებზე ხელის დაფარების სურვილი. კომისიის ფუნქცია იყო, შეემოწმებინა ეს ვარაუდი: მართლაც ჩატარდა თუ არა გამოძიება სათანადოდ, და იყო თუ არა დამნაშავეებზე ხელის დაფარების მოტივი.

ჩემი აზრით, კომისიამ დამაჯერებლად დაასაბუთა, რომ ნამდვილად, იყო რეალური დამნაშავის დაფარვის სურვილი (რასაც ინგლისურად ქვია obstruction of justice, ზუსტი ქართული ტერმინი არ ვიცი). მან ასევე კონკრეტულად დაასახელა პირები, ვინც ჩართულნი იყვნენ დანაშაულის დაფარვის მცელობაში და ამაში, კომისიის აზრით, სათანადო სასჯელს იმსახურებენ. ასევე მან დააყენა შესაბამისი ხელმძღვანელების (ორი მინისტრის) პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. ამაზე მეტი კომისიას არ უნდა გაეკეთებინა და, მე მგონი, არც გაუკეთებია.

კომისიის სამთავრობო ნაწილი ადასტურებს, რომ გამოძიება სათანადოდ არ ჩატარებულა (ამასვე ირიბად ადასტურებს შოთაძის გადადგომა და გამოძიების შინაგან საქმეთა სამინისტროში გადატანა), მაგრამ არ ეთანხმება იმას, რომ ადგილი ჰქონდა ხელის დაფარების შეგნებულ მცელობას - შესაბამისად, მისი აზრით, არავინ უნდა დაისაჯოს, მით უმეტეს, არავისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ უნდა დადგეს. მისი ინტერესებიდან გამომდინარე, ეს გასაგებია. მაგრამ მისი მუდმივი განმეორება: "აბა, მკვლელი დაასახელეთ?“ ირიბად ადასტურებს, რომ ძირითად საკითხში (დანაშაულის დაფარვის ფაქტი) მას ძლიერი არგუმენტები არა აქვს, ამიტომ სხვა თემაზე უნდა გადაიტანოს ყურადღება.

თუმცა, რა თქმა უნდა, როცა იკვლევ, როგორ ჩატარდა გამოძიება, ძალაუნებურად იმასაც იკვლევ, სახელდობრ რა მოხდა ხორავას ქუჩაზე. აქედან გამომდინარე, კომისიამ კონკრეტული ფიგურანტის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის რეკომენდაციაც გასცა, რაც ბუნებრივია, იმაზე მინიშნებაა, რომ სწორედ ამ პირის ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მოტივი ჰქონდა გამოძიებას (ანუ ირიბად გაცემულია პასუხი კითხვაზე, "ვინ არის მკვლელი“). აქ უკვე ხელისუფლების წარმომდაგენლებისგან უცნაური გზავნილები მესმის: თან ნიშნის მოგებით ამბობენ, „"ბა, მკვლელი დაასახელეთ?“, თან - "ამ ბიჭს რას ერჩით, თქვე პირსისხლიანებო, თქვენა“. ეს რანაირად არის, ვეღარ ვხვდები.

პოლიტოლოგი გია ნოდია ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ.

კომენტარები