მარიხუანის ექსპორტი

ჯუზეპე პაზოტო მარიხუანის კულტივაციაზე: ვუერთდებით ილია II-ის მამობრივ მღელვარებას

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია უერთდება იმ მამობრივ შეშფოთებასა და მღელვარებას, რაც თავის ქადაგებაში გამოხატა მისმა უწმიდესობამ და უნეტარესობამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ მარიხუანას კულტივაციის, რეალიზაციისა და მოხმარების კანონპროექტთან დაკავშირებით. ჩვენი ეკლესია, თავისი მოძღვრების ერთგული, მტკიცედ ადასტურებს პოზიციას, რაც პაპმა ფრანცისკემაც გაიმეორა სხვა და სხვა გარემოებებში: მსურს განვაცხადო მთელი სიცხადით – არა ნარკოტიკების ნებისმიერ ტიპს! უბრალო და პირდაპირი არა! ნარკოტიკი ბოროტებაა და შეუძლებელია მასთან კომპრომისზე წასვლა, თუმცა ეკლესიამ არ უნდა განსაჯოს და მიატოვოს ისინი, ვინც ნარკოტიკებზე დამოკიდებულების უფსკრულში აღმოჩნდნენ. უნდა გვახსოვდეს, რომ ვერავითარი მსუბუქი ნარკოტიკი ვერ იქნება მსუბუქი, რადგან ყოველთვის უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე და აკარგვინებს მას თავისუფლებას. ამას პირველ რიგში მეცნიერები გვეუბნებიან.

თუმცა, განაგრძობს პაპი, იმისათვის, რომ ამგვარი მტკიცე “არა” განუცხადო ნარკოტიკს, საჭიროა უთხრა “ჰო” სიცოცხლეს, სიყვარულს, ოჯახს, აღზრდას, სპორტს, სამუშაო ადგილებს.
ყველა ეს “ჰო” მიუთითებს ნებისმიერ ხელისუფლებას იმ მიმართულებებს, რომლისკენაც უნდა მიმართონ მათ თავიანთი პრიორიტეტული ძალისხმევა, თუკი სურთ ნაყოფიერად და ხელშესახებად დაძლიონ ნარკოტიკების მოხმარების პრობლემა. 

იმის გამო, რომ ნარკოტიკების ჭირი კვებავს ბინძურ ბაზარს, უსინდისო ხალხის ჯიბის გასქელებით, ჩვენი სამოციქულო ადმინისტრაცია უერთდება ყველა მათ, ვინც ადამიანის სიკეთისა და ღირსების სადარაჯოზე დგას.

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო მარიხუანის კულტივაცია-ექსპორტზე მთავრობის ინიციატივას ეხმიანება.

კომენტარები