არჩევნები 2018

სოფო კილაძე: ზურაბიშვილს თავს ესხმიან, როგორც ქალ პოლიტიკოსს

სალომე ზურაბიშვილი - ქალი პოლიტიკოსი, ქალი პრეზიდენტობის კანდიდატი. ზოგადად, ჩვენი ტრადიცია არის ქალის პატივისცემა, ასევე, მსოფლიოში ძირითადი უფლებრივი მიმართულება არის ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა და ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გაუმჯობესება. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ ქალზე, პოლიტიკოსზე, მიმდინარეობს ყველაზე უღირსი ფორმებით თავდასხმა, თავდასხმა მხოლოდ იმის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ქალი. ძალიან ბევრი პოლიტიკური ძალა, პირველ რიგში ნაციონალური მოძრაობა და მისი დანაყოფები ახორციელებენ თავდასხმას და ეს ხდება ყველაზე უღირსი ფორმებით, რაც, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, არის ამორალური. ქალთა პოლიტიკურ ჩართულობას პირდაპირ უნდა მიესალმებოდნენ ევროპულ და პროდასავლურ პოლიტიკოსობაზე პრეტენზიის მქონეები და ხელს უნდა უწყობდნენ, რაც შეიძლება მეტი ქალი მოვიდეს პოლიტიკაში. ქალთა პოლიტიკური ჩართულობა, როგორც უამრავი კვლევა ადასტურებს, ხარისხობრივად აუმჯობესებს გადაწყვეტილების მიღებას პოლიტიკაში, არის უფრო ჰუმანური და სოციალურად ორიენტირებული, რაც უფრო კარგად აისახება მოსახლეობის ცხოვრების დონის გაზრდაზე. მე ძალიან მიხარია, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ ქალ პოლიტიკოსს დაუჭირა მხარი და ჩვენ გვეყოლება პრეზიდენტი, რომელიც იქნება პირველად ისტორიაში, ქალი. 

თქვა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე.

კომენტარები