არჩევნები 2018

სამადაშვილი ზურაბიშვილზე: კანდიდატს, ქალობის გარდა, სხვა ღირსებაც უნდა გააჩნდეს

როგორც ჩანს, უმრავლესობის პატივცემულ წარმომადგენლებს გონიათ, რომ ადამიანი ფიზიკურად მოსკოვში უნდა იმყოფებოდეს იმისთვის, რომ სუკ-მა აიძულოს, საკუთარ ინტერესებზე იმუშაოს. ადამიანი ვისზე მუშაობს, მათ შორის პოლიტიკოსი და დიპლომატი, მსჯელობენ მისი საქციელის შედეგებიდან და პოზიციებიდან გამომდინარე. თქვენ, ქართული ოცნება, მხარს უჭერთ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ასარჩევად, უკანასკნელად პირდაპირი არჩევის გზით ამ ქვეყანაში, კანდიდატს, რომელიც აცხადებს, რომ საკუთარი სახელმწიფო, საქართველო არის დამნაშავე 2008 წლის ომის დაწყებაში. ეს არის სწორედ სუკ-ის და კრემლის საოცნებო სცენარი. ამიტომ, სანამ ურცხვად და მდაბიოდ გაიშვერთ ხელს ვინმეს მიმართულებით, გააანალიზეთ, რა შედეგები მოჰყვება ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის არჩევას საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე. მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ეს შედეგები იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იურიდიული საფუძვლის ძირის გამოთხრა და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საშვილთაშვილოდ დაზიანება. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, დღეს რა ტექსტებს წაიკითხავს სალომე ზურაბიშვილი, თქვენ მიერ დაქირავებული კონსულტანტების მომზადებულს, იმიტომ რომ რაც მან უკვე გააკეთა, უკვე ისეთი ზიანი აქვს ჩვენს სახელმწიფოს მიღებული, ამისი გამოსწორება იქნება ძალიან რთული. ასე რომ, ქალობის გარდა რამე სხვა ღირსებაც უნდა გააჩნდეს კანდიდატს, იმისთვის, რომ ვინმემ ჩათვალოს, რომ დრო დადგა საქართველოში ქალი პრეზიდენტის არჩევის. ამ ქალის არჩევის დრო საქართველოში ჯერ არ დამდგარა და არც არასდროს დადგება. 

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. მან ქართული ოცნების დეპუტატს, სოფო კილაძეს უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ: "ზურაბიშვილს თავს ესხმიან, როგორც ქალ პოლიტიკოსს. პირველ რიგში ნაციონალური მოძრაობა და მისი დანაყოფები ახორციელებენ თავდასხმას და ეს ხდება ყველაზე უღირსი ფორმებით, რაც, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, არის ამორალური". 

კომენტარები