ხორავას ქუჩის საქმე

სარალიძე ივანიშვილს: ბრძენი კაცი მეგონეთ დღემდე, თქვენც გადაწყვიტეთ, მკვლელებს ხელი დააფაროთ

არ შემიძლია, არ გიპასუხოთ ბატონო ბიძინა. რას ჰქვია, მიაბრალონ ან ვის მიაბრალონ. თქვენმა ნაქებმა ხელისუფლებამ დამალა მკვლელები და ახლაც აგრძელებს ხელის დაფარებას. თქვენგან ასეთ დაუფიქრებელ განცხადებას არ ველოდი. ზუსტად ამიტომ მინდოდა გუშინ თქვენამდე მოღწევა, რომ ფაქტებით მესაუბრა და კითხვები დამესვა თქვენს თვალწინ იმ პირებისთვის, ვინც ხელს აფარებს ჩემი შვილის მკვლელებს. როგორც ვხედავ, თქვენც გადაწყვიტეთ ხელის დაფარება მკვლელებზე.

მართლა ბრძენი კაცი მეგონეთ დღემდე, მაგრამ შევცდი.

დღემდე მეუბნებოდნენ და მირჩევდნენ, ბიძინას შეხვდი და დახმარება სთხოვეო. ვფიქრობდი კიდეც შეხვედრას, მაგრამ რაღა აზრი აქვს ამის შემდეგ.

მკვლელების გამპრავებლებით გყავთ მთელი გუნდი სავსე. დაშალეთ, სანამ თქვენც არ ჩაგიყოლეს ღრმა ჭაობში თუ უკვე არ ხართ ბოლომდე ჩაფლული.

არ შემომიშვეს თქვენამდე და აქედან მაინც დაგისვამთ კითხვას - როგორც მამა მამას.

პირდაპირ მიპასუხეთ, რატომ აფარებენ ხელს ჩემი შვილის მკვლელებს და როგორ მოიქცეოდით თქვენ ჩემს ადგილას, როცა პირველივე დღიდან სიმართლე იცი და მაინც გიმალავენ და თვალებში ნაცარს გაყრიან

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე ქართული ოცნების თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, რომელმაც თქვა, რომ "ბავშვების ჩხუბი უნდათ, მიაბრალონ დღევანდელ მმართველ ძალას და იდენტური უნდათ გახადონ გირგვლიანის მკვლელობის”.

კომენტარები