ომეგა ჯგუფის და იბერიას საქმე

ნოდია: ზურაბიშვილის დამარცხება არჩევნებში დღეს უფრო რეალურია, თუმცა გარანტირებული - ვერა

ის, რასაც ზაზა ოქუაშვილი მოგვიყვა და რაც ფარული ჩანაწერებიდან გამოჩნდა, თავისი შინაარსით შოკისმომგვრელია - უფრო სწორად, შოკისმომგვრელი უნდა იყოს. ის ადასტურებს, ან აჭარბებს, ყველაზე უარეს წარმოდგენებს, რაც ბიძინა ივანიშვილის მართვაზე გვქონდა. მაგრამ ეს თავისთავად არ ნიშნავს, რომ მისი შედეგი იქნება ისეთი დრამატული, როგორიც შეიძლება ბუნებრივი ან სამართლიანი მოგვეჩვენოს.

ყველაზე ბუნებრივი შედარება ციხის კადრებთანაა. ის კადრები - იმის გათვალისწინებითაც კი, რომ მათი ყველაზე მტკივნეული ნაწილი დადგმული, ფალსიფიცირებული იყო - იმდროინდელი ხელისუფლების ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოაჩენდა და მათზე საზოგადოების მძაფრი რეაქცია სამართლიანი იყო. ოქუაშვილის ჩანაწერები და მონაყოლი, ჩემი აზრით, კიდევ უფრო ღრმა და სისტემურ პრობლემას წარმოაჩენს, მაგრამ რეაქცია, როგორც ვხედავთ, ისე მძაფრი არაა. რატომ? მე მგონი, ორი მიზეზია. ერთი - ფსიქოლოგიური: ვიდეო უფრო მოქმედებს, ვიდრე აუდიო, ფიზიკური წამება უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე ვიღაცისთვის ფულის „დაწერვა“, რიგით პატიმართან უფრო მეტ ადამიანს ექნება იდენტიფიკაცია, ვიდრე მილიონერთან, ვისაც რაღაცას „აწერენ“.

მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი, პოლიტიკურია. მაშინ პრაქტიკულად ყველა, ვინც ხელისუფლების აქტიურად უკმაყოფილო იყო, მზად იყო ბიძინას დროშის ქვეშ დამდგარიყო, თუნდაც დროებით. დღეს უკმაყოფილო შეიძლება მეტიც იყოს, მაგრამ არ არის ძალა, რომელიც ამ უკმაყოფილოთა მობილიზებას შეძლებს. სააკაშვილი ცდილობს, კვლავ იქცეს ასეთ ფიგურად (როგორც 2003-ის ნოემბერში), მაგრამ, როგორც ჩანს, ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ. მთავრობისთვის სწორედ ოპოზიციის ფლანგზე გათიშულობაა მთავარი (თუ არა ერთადერთი) კოზირი და მას აქტიურად იყენებს.

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთავრობამ ამით სერიოზული დარტყმა არ მიიღო. სალომე ზურაბიშვილის დამარცხება არჩევნებში კიდევ უფრო რეალისტური გახდა (თუმცა გარანტირებული ჯერ - ვერა). „ოცნების“ დაცვა - კიდევ უფრო სათაკილო ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის. შთაბეჭდილება, რომ "ოცნება" თავის დასასრულს უახლოვდება, ძლიერდება, მაგრამ ჯერ ეს მხოლოდ შთაბეჭდილებაა.

დაწერა ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა, გია ნოდიამ ზაზა ოქუაშვილის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე. ომეგა ჯგუფის მფლობელმა ოქუაშვილმა რამდენიმე დღის წინ რუსთავი 2-თან ინტერვიუში თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი მას 4 მილიონის გადახდას სთხოვდა. 

კომენტარები