გიორგი მარგველაშვილი

პრეზიდენტი: არ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ უფლება გავანადგუროთ მტერი ქვეყნის ტერიტორიაზე

როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, პრეზიდენტს და უმაღლეს მთავარსარდალს, ჩემთვის მნიშვნელოვანია ქართული ჯარის საკითხი. არსებული [საარჩევნო] კამპანიის მიმდინარეობისას ჩემთვის შემაშფოთებელი იყო ეს თემა. დღეს იმ ადამიანებს მინდა მივმართო ვინც იარაღით ხელში ჩვენს ქვეყანას იცავს, ქართველ ჯარისკაცებს: იცოდეთ, მიუხედავად პოლიტიკური დებატებისა, თქვენი წმინდა მოვალეობაა, დაიცვათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, იყოთ მტკიცე თქვენი სიცოცხლის და პროფესიონალიზმის მეშვეობით ჩვენი მოქალაქეების დაცვაში. არასდროს დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ საქართველოს უფლება გაანადგუროს მტერი ჩვენს ტერიტორიაზე, დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი. ეს არის ის უფლება, რაზეც შენდება სახელმწიფო.​ თქვენი გმირობა ბრძოლის ველზე ყოველთვის იყო და იქნება დაფასებული. ამის თაობაზე კითხვები არ დაისმება. ქართველი ხალხი მადლიერია თქვენი თავგანწირვის და თქვენი თანამებრძოლების მიერ სამშობლოსთვის შეწირული სიცოცხლის. ამ პოლიტიკურმა დებატებმა თქვენზე არ უნდა იმოქმედოს. იცოდეთ, რომ საქართველოსთვის, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რომელიც უსამართლო და უსაფუძვლო ომში იქნა თავდასხმის ობიექტი, სამსახურს მოქალაქეები გიფასებენ და მადლიერნი არიან ამისთვის. ამ ნაწილში მინდა, რომ ეს პოლიტიკური მღელვარება თქვენ არ გადაგედოთ, რადგან თქვენ ხართ ის სიმტკიცე, რომელზეც ჩვენი ქვეყანა და ერი დგას.

საქართველოს პრეზიდენტმა ეს განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. გიორგი მარგველაშვილმა ქართულ ჯარს მიმართა და აღნიშნა, რომ მიმდინარე საარჩევნო კამპანიას თვალს ადევნებს და მისთვის შემაშფოთებელი ნიშნები დაინახა.

კომენტარები