ბადრი პატარკაციშვილის საქმე

ხუხაშვილი: პატარკაციშვილის ნეიტრალიზაციის დამგეგმავები ციხეში კი არა, პარლამენტშიც სხედან

2007 წლის 3 ნოემბერს დილით ბადრიმ დამირეკა და მთხოვა მასთან მივსულიყავი ოქროყანაში. ძალიან გადაღლილი და თითქოს დაბერებული იყო 2 ნოემბერს მიღებული ემოციების შემდეგ. მითხრა, რომ ძალიან დაიღალა და უნდა წავიდეს. წავიდა და მას შემდეგ ის თბილისში აღარ ჩამოსულა. უკვე 5-ში დამირეკა და ეილათში დამპატიჟა, სადაც გულგახეთქილებმა ერთად ვუყურეთ 7 ნოემბრის მოვლენებს ტელევიზორში. 
გეგმავდა თუ არა მაშინდელი ხელისუფლება ბადრის ნეიტრალიზაციას? სავარაუდოდ გეგმავდა.
განახორციელეს? სავარაუდოდ არა, რადგან ის საქართველოში აღარ ჩამოსულა.
მისი ნეიტრალიზაციის დამგეგმავები დღეს მარტო ციხეში კი არა, ხელისუფლების ყველა შტოში, მათ შორის პარლამენტშიც სხედან ქართული ოცნების მანდატებით.
ბადრი აღარ არის. ფარისევლები კი დღემდე ცეკვავენ მის საფლავზე

ასე გამოეხმაურა პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი Facebook-ზე ბადრი პატარკაციშვილის საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურის განცხადებას. საქართველოს მთავარი პროკურატურის მტკიცებით, მათ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი გახსნეს. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ბრალდებით, დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი მერებაშვილი. ხოლო მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ქარდავა და ამავე სამმართველოს მეორე სამსახურის უფროსი რევაზ შიუკაშვილი სხვა საქმეებზე იხდიან სასჯელს და მათ ბრალი წარედგინათ.

კომენტარები