2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

ბაქრაძე წარსულზე: დავტოვოთ ცუდი და წამოვიღოთ კარგი უკეთესი მომავლისთვის

ჩვენ ვიყავით ხელისუფლებაში ცხრა წლის განმავლობაში, რომელმაც საქართველოში ძალიან ბევრი ცვლილება მოიტანა. მოიტანა ძალიან ბევრი კარგი, მაგრამ მოიტანა პრობლემებიც. მოიტანა უკმაყოფილებაც. არ შეიძლება პრობლემების იგნორირება.

როდესაც ჩვენ ჩავიბარეთ საქართველო 2003 წელს, იყო ჩაბნელებული, დანგრეული, კორუმპირებული ქვეყანა, სადაც ადამიანები ვერ ხედავდნენ საკუთარ მომავალს. ეს ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვნად შეიცვალა 2012-მდე, მაგრამ 2012-ში ამომრჩეველმა გვითხრა უარი. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველაფერ კარგთან ერთად, ხდებოდა ცუდიც. იყო პრობლემაც, ხდებოდა დანაშაულიც. ყველაფერი ის, რამაც ამომრჩევლის თვალში გადაფარა კარგი, რაც გაკეთდა იმ წლების განმავლობაში.

გულწრფელობა არის მთავარი პოლიტიკაში. ჩვენი გუნდის განაცხადია, რომ ჩვენ ვართ ობიექტურები წარსულის შეფასებაში - კარგშიც და ცუდშიც, შეცდომებშიც და გაკეთებულ საქმეშიც, მაგრამ არის ერთი “მაგრამ”. ქართული ოცნებისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვსაუბრობთ მუდმივად წარსულზე. წარსული არის მნიშვნელოვანი, მაგრამ წარსული არის წარსული. ჩვენ უნდა წავიდეთ წინ. 

ერთერთი პრობლემა ქვეყანაში არის ის, რომ დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც მუდმივად საუბრობს წარსულზე, მუდმივად ებრძვის წარსულს, რომელიც მუდმივად ახდენს წარსულის დემონიზაციას და ცდილობს, რომ წარსულით დააშინოს ადამიანები და დააკარგინოს მომავალი. ამიტომ, ჩვენი ამოცანა ამ კამპანიაში და მის მიღმაც იქნება, მუდმივად ვიაროთ წინ და ვილაპარაკოთ მომავალზე. წარსულიდან წამოვიღოთ კარგი, წარსულში დავტოვოთ ცუდი და ავაშენოთ უკეთესი მომავალი.

 

კომენტარები