არჩევნები 2018

ზედელაშვილი: ზურაბიშვილის II ტურში გათრევის ცდა ძალაუფლების "დათრევის" პროცესს დააჩქარებს

ზედელაშვილი: ზურაბიშვილის II ტურში "გათრევის" მცდელობა ძალაუფლების "დათრევის" მანკიერ პროცესს დააჩქარებს

ქართული პოლიტიკისა და საზოგადოების სტრუქტურას თუ გავითვალისწინებთ, არჩევნების შედეგები მოსალოდნელი იყო.

ჩვენი მეზობელი პლებისციტური ავტოკრატიებისა და მემკვიდრეობითი ტირანიებისგან სწორედ ძალაუფლების თვითნებობისადმი შეუგუებლობა გამოგვარჩევს. თვითნებობას დიდხანს არავის ვარჩენთ. თუმცა, ამ რეჟიმებთან გვაახლოებს ის, რომ ძალაუფლების ინსტიტუტებით მოთოკვა ვერ შევძელით. იმიტომ, რომ ძალაუფლებას როგორც ნულოვანი ჯამის თამაშს ისე ვუყურებთ. იმედის თვალით შევყურებთ ყველას, ვინც მორიგი თავნება მმართველის მოსაცილებლად სრულ ძალაუფლებას გვთხოვს. ჩვენც მონდომებით ვუხსნით ხოლმე მათ გზას სრული ძალაუფლებისკენ და ამით მათაც თვითნებობისკენ და გარდაუვალი კოლაფსისკენ ვკრავთ ხელს.

ამ დაწყევლილ წრეზე დავდივართ ბოლო 28 წელია. დღევანდელ მდგომარეობაში, უფრო და უფრო ვიწრო შესაძლებლობა რჩება, რომ ამ წრეზე განმეორებით არ წავიდეთ. რადგან, არ მგონია, რომ დღევანდელ ძალაუფლებას ეყოს გონიერება: მეორე ტურში ნებისმიერ (მოსყიდვისა და გაყალბების) ფასად არ ჩაებღაუჭოს პრეზიდენტის თანამდებობას, ოპოზიციის (რეალისტური) გამარჯვების შემთხვევაში არ შევიდეს დესტრუქციულ ინსტიტუციურ დაპირისპირებაში და ამით რევოლუციური პროცესი არ წაახალისოს, კოჰაბიტაციის პროცესში, ფართო პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჩართულობით აღასრულოს მართლმსაჯულება სარალიძის საქმეზე, დაიწყოს მართლმსაჯულების არარსებული სისტემის შენება და არსებული პოლიტიკური დასჯის სისტემის დემონტაჟი, აამოქმედოს სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა 2020 წლისთვის და ამით უზრუნველყოს, რომ ძალაუფლებას მრავალპარტიულ კოალიციას თუ არ გადააბარებს, საკონსტიტუციო უმრავლესობის ერთპატრიული კონცენტრაცია მაინც აღარ მოხდეს. 

აქვე გავიმეორებ ჩემს სკეპტიციზმს იმაზე, რომ მოვლენები ასე განვითარდება. 

მცირეა შანსი, რომ მოვლენები სრული ძალაუფლების "დათრევის" მანკიერ წრეზე არ წავიდეს. სალომეს მეორე ტურში ძალით "გათრევა" ამ პროცესს დააჩქარებს, რევოლუციური შესაძლებლობის იმხელა ფანჯარას გახსნის. ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, მაინც რჩება მცირე შესაძლებლობა, მოვლენების სხვა განვითარებისა. თუმცა, მე არც ქოცების გონიერების მწამს და არც იმის მჯერა დიდად, რომ მიშა სრულ ძალაუფლებაზე უარს იტყვის. არჩევანი არ არის მარტივი, თუმცა, მე მაინც სალომეს წინააღმდეგ ვრჩები.

წერს იურისტი, კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი არჩევნების მეორე ტურის შესახებ

კომენტარები