არჩევნები 2018

ბოკერია: არის ორი გზა - ან მშვიდად მიიღოთ ამომრჩევლის ნება, ან ასლან აბაშიძის გზა

უმრავლესობის რამდენიმე წარმომადგენლის გამოსვლა მოვისმინე და არც ერთი სიტყვა გუშინდელი ძალადობის დაგმობის, ახალქალაქში ოპოზიციურ პარტიაზე, გრიგოლ ვაშაძის ოფისზე ხელკეტებით თავდასხმის ფაქტის დაგმობის არც ერთი სიტყვა აქ არ მომისმენია. არც ერთი სიტყვა არ მომისმენია იმ სამარცხვინო და სახიფათო განცხადებისგან დისტანცირების ან დაგმობის, რომ თურმე მთავრობის მარცხი არჩევნებში ნიშნავს სამოქალაქო ომის დაწყებას, ანუ თქვენ აპირებთ სამოქალაქო ომის დაწყებას თუ ხალხი უარს გეტყვით. ამას ნიშნავდა თქვენი კოლეგის განცხადება. ენა არ მოგიტრიალდათ, რომ გუშინდელი განცხადება დაგმოთ? ეს დასკვნა გამოიტანეთ, რომ კიდევ იმუქრებით აქ?

ბატონი ვოლსკი გამოვიდა და ვუმხილებივართ ჩვენ ყველანი და ოპოზიცია მთლიანად, რომ რუსეთის მაამებლები იყავითო და არ გაგვაფრთხილეთ აგრესიაზე დროულად აგვისტოს ომის დროსო. ბატონ ვოლსკის შემიძლია გავუგზავნო 6 აგვისტოს განცხადება მაშინდელი საგარეო საქმეთა სამინისტროსი რუსული ტექნიკის შემოსვლაზე როკიდან, მაგრამ კარგი, ვთქვათ, მე ვცდები ამაშიც. თქვენ კანდიდატი დააყენეთ, რომელიც დღეს ეთნიკური წმენდის და ოკუპაციის შემდეგ, ამდენი წლის მერე ამტკიცებს კვლავ, რომ საქართველომ დაიწყო ომიო. ეხლა კიდე აქეთ ისვრით ბურთს, რომ დროზე არ გაგვაფრთხილეთ თავის დროზეო?

დღეს წინა ხელისუფლების შეფასების არჩევნები კი არ მიმდინარეობს, 2012 წელი კი აღარ არის, დღეს არის თქვენი მოღვაწეობის შეფასების არჩევნები და იმიტომ წააგეთ არჩევნები. ის 2012 წელი იყო, ეხლა 2018 წელია. ჩვენ რომ ხელისუფლებაში ყოფნის გარდა ოპოზიციაში ყოფნა შეგვიძლია, ეგ უკვე ნაჩვენები გვაქვს. მომავალშიც თუ ამომრჩევლის ნება ასეთი იქნება, კვლავ ვიქნებით ოპოზიციაში. მესმის, რომ თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ ოპოზიციაში ყოფნა, თქვენი უმრავლესობა ამას ვერ შეძლებს, მაგრამ როგორც სერგი კაპანაძემ გითხრათ, არის ორი გზა - ან მშვიდად ამომრჩევლების ნების მიღების, ან ასლან აბაშიძის გზა. და ასლან აბაშიძის გზა მთავრდება იგივე შედეგით, ოღონდ ბევრად უფრო დრამატული პერსონალური ბედით იმ ხალხისთვის ვინც ასე იქცევა და რისკებით ქვეყნისთვის. ეხლა აირჩიეთ ეგ, სხვა არჩევანი თქვენ არ გაგაჩნიათ. 

თქვა ევროპული საქართველოს წევრმა, გიგა ბოკერიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები