საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია

ბახტაძე: ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის უმწვავესი ხარისხის ჰუმანიტარული კატასტროფა

მე მინდა დღეს ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ შევეხო საქართველოს ოკუპაციის თემას, როგორც უმწვავეს გამოწვევას ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს, სამხედრო ინტერვენციიდან 10 წლისთავზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, პირდაპირ ვიტყვი, არის უმწვავესი ხარისხის ჰუმანიტარული კატასტროფა. რეგიონების მზარდი მილიტარიზაციის გამო, სულ უფრო ღრმავდება დეპოპულაცია, კატასტროფულად მცირდება მოსახლეობის რაოდენობა. შექმნილია უმძიმესი პირობები ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. მავთულხლართები ერთმანეთს აშორებს ოჯახებს და არღვევს ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს.გრძელდება გატაცების, არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის, წამების და მკვლელობის ფაქტები. რუსეთი დღემდე არ ასრულებს 2008 წელს ხელმოწერილ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, ხოლო საქართველომ ეს შეთანხმება სრულად შეასრულა, ჩვენ ავიღეთ ამავე დროს ძალის არგამოყენების პასუხისმგებლობა.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ოკუპაცია და კანონიერების უხეში ხელყოფა, უსაფრთხოების მხრივ არსებული მძიმე ვითარება, მზარდი მილიტარიზაცია, ოკუპანტის მიერ გახშირებული სამხედრო სწავლებები და უკონტროლო იარაღის შემოტანა საფრთხეს უქმნის არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. აქვე მინდა სრული პასუხისმგებლობით აღვნიშნო - ჩვენი პასუხი ამ გამოწვევებზე არის მხოლოდ მშვიდობა და საქართველოს განვითარება. საქართველოს შეუქცევადი ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები