2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

ნოდია: "ცხრა წლის" დაბრუნება შეუძლებელია, ახლა მიშაც, ენმ-ც, კონსტიტუციაც და ქვეყანაც სხვაა

ყველაფრიდან ჩანს, რომ "ოცნება" მეორე ტურისთვის სხვა ვერაფერს მოიფიქრებს, გარდა იმისა, რომ ხალხი ისევ მიშას აჩრდილით დააშინოს. ოპოზიციის და პირადად გრიგოლ ვაშაძის ინტერესებშია, ეს მცდელობა გააქარწყლოს.

როგორც ჩანს, თვითონ მიხეილ სააკაშვილიც ხვდება, რომ მისი პერსონის ზედმეტად წინ წამოწევა საქმეს არ წაადგება. ტელევიზორში ხშირად გამოჩენის ცდუნებას ალბათ ვერ გაუმკლავდება, მაგრამ უკვე ისიც ამბობს, რომ ოპოზიციის გამარჯვება პირადად მის ხელისუფლებაში დაბრუნებას არ ნიშნავს.

ცხადია, სააკაშვილს სრული უფლება აქვს, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა მიიღოს. ისიც ცხადია, რომ მის წინააღმდეგ წარმოებული საქმეები შერჩევითი პოლიტიკური სამართლის ნიმუშია. ისიც პოლიტიკური გათვლაა, რომ საქმეები ღია რჩება და არ მთავრდება - რომ რომელიმე პრეზიდენტმა (მაგალითად, ვაშაძემ) მისი შეწყალება ვერ შეძლოს. მაგრამ ეს სხვა თემაა.

სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნების (იმ ფორმით, როგორც 2012 წლამდე იყო, ანუ როდესაც ცალსახად ის იყო უფროსი) ერთადერთი რეალისტური სცენარი რევოლუციურია. იმისათვის, რომ სააკაშვილი ისევ იმ ფორმით დაბრუნდეს, "ოცნებამ" მასობრივად და აშკარად უნდა გააყალბოს არჩევნები და ამით ხალხს რევოლუციისკენ უბიძგოს - ან სხვა რამ საშინელება ჩაიდინოს (მოხდება თუ არა რევოლუცია თუნდაც ამ შემთხვევაში, სხვა საკითხია).

თუ "ოცნება" წავა არჩევნების, კონსტიტუციური გზით - 28 ოქტომბერმა კი ამის შანსი სერიოზულად გაზარდა - ეს დიდი ალბათობით ნიშნავს, რომ ხელისუფლებაში მოვა კოალიცია. მასში სააკაშვილი იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მაგრამ არა აუცილებლად დომინანტი მოთამაშე. როგორც ყოველთვის, საპარლამენტო არჩევნების წინ შეიძლება ახალი პარტიები თუ კოალიციები გაჩნდეს, ამიტომ ახლა შეუძლებელია წინასწარმეტყველება, როგორი განლაგება იქნება მაშინ. მაგრამ მხოლოდ ერთი ძალის, ნაციონალური მოძრაობის, გამარჯვების შანსი მცირეა. ამ არჩევნებშიც კი ნაციონალებმა არჩიეს, კოალიციაში - "გაერთიანებულ ოპოზიციაში" ჩაკარგულიყვნენ და ამან, როგორც ჩანს, გაამართლა.

სამოქალაქო ომით რომ გვაშინებენ, თან აღმაშფოთებელია და თან სასაცილო. მაგრამ ისიც მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ გინდა "სისხლიანი ცხრა წლის", გინდა "დიადი ცხრა წლის" დაბრუნება პრინციპულად შეუძლებელია. ახლა მიშაც სხვაა, ნაციონალური მოძრაობაც სხვაა, კონსტიტუციაც სხვაა და ქვეყანაც სხვაა

პოლიტოლოგია გია ნოდია საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ

კომენტარები