არჩევნები 2018

მაღრაძე: დარწმუნებული ვარ მეორე ტურში ხალხი არჩევანს მშვენიერების სასარგებლოდ გააკეთებს

ბოლო პერიოდში საზოგადოებას მადლობას ვეუბნებოდი, რომ პოეზიისთვის მოიცალეს. ახლა მადლობა მინდა გითხრათ, რომ სამშობლოსთვის მოიცალეთ. ცხრა წლის განმავლობაში, საქართველოს მოსახლეობამ თავისუფლებისთვის იბრძოლა. მეუბნებიან, ის წლები დაივიწყეო. საინტერესოა არგუმენტი, რატომ უნდა დავივიწყოთ. თურმე, ისინი ხელისუფლებაში მოსვლას კიდევ აპირებენ და სჯობს, დაგვავიწყდეს. თურმე, ხალხმა მთელი სადიზმი, თავისი აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილებით, თავისი ტელევიზიით უნდა დაივიწყოს, რომელსაც ისინი ემსახურნენ. არ იცით, რატომ? თურმე, ამ ხალხს ხელისუფლებაში მობრუნდება კიდევ უნდა. როცა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია, მაინც ვფიქრობდი, რომ რუსეთი შიდა პოლიტიკურ სივრცეში უფრო აგენტურულ ქსელს მიმართავდა ხოლმე და ახლა უკვე სააშკარაოზე გამოვიდნენ, თავისი ოფიციალური თანამშრომლები მივლინებაში ჰყავთ გამოგზავნილი ვაშაძეებისა და სხვა დანარჩენის სახით. ამხანაგმა ვაშაძემ დააანონსა, რომ თურმე, ქუჩების გადაკეტვას, არეულობის შეტანას აპირებს. რუსეთის განზრახვა რა არის ამხანაგმა ვაშაძემ ოფიციალურად გამოაცხადა და გაახმოვანა. ამას საქართველოს მოსახლეობა არ დაუშვებს, არჩევნებზე ქუდზე კაცი გამოვა და ჩვენს სამშობლოსა და თავისუფლებას დავიცავთ. საქართველო მზით განათებული, ვენახის, ლექსისა და მშვენიერების ქვეყანაა. დარწმუნებული ვარ, ხალხი მეორე ტურში ადგება და წარმოდგენილ არჩევანს შორის არჩევანს მშვენიერების სასარგებლოდ გააკეთებს

თქვა პოეტმა დავით მაღრაძემ დღეს რუსთაველის თეატრის წინ გამართულ აქციაზე - "მე ვიცავ თავისუფლებას".

კომენტარები