არჩევნები 2018

ბერძენიშვილი: ივანიშვილმა იკადრა და შვილმკვდარი მშობლები ერთმანეთს დაუპირისპირა

თბილისის მერიის წერილი, რომელიც ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს მისწერა, არც ლოგიკური იყო და არც სამართლებრივად სწორი. მეორე მხრივ, პოლიტიკურად ეს იყო უმსგავსო და სამარცხვინო, რომ "შვილმკვდარმა მამებმა ჩაიჩოჩეთ, იმიტომ, რომ მე ორი თვით ადრე აქ ნაძვის ხე უნდა დავდგაო". სინამდვილეში, მეორე ტურის წინ, აი, ამ ეპიცენტრის ეშინიათ. აქ რომ არ ვიდგეთ და პირველ სკოლასთან დავდგეთ, რას გვიზამენ? ყველგან ნაძვის ხეს ხომ ვერ დადგამს. ეს არის შეშინებული და მფრთხალი ხელისუფლების ნაბიჯები. ეს არც ერთ ხელისუფლებას არ უკადრებია. ყველა ხელისუფლების ოპონენტი ვიყავი და არც ერთი ხელისუფლება არ მახსენდება, რომ შვილმკვდარი მშობლები დაეპირისპირებინათ სხვა შვილმკვდარი მშობლებისთვის. ეს ბიძინა ივანიშვილმა იკადრა. რაც ბიძინა ივანიშვილმასაქართველოს აკადრა, მას შემდეგ რაც მან ამხელა ნდობა მიიღო ამ ქვეყნისგან, აი ეს მას არ ეპატიება

რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი ინტერპრესნიუსთან საუბარში. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, 2004 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა თქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე, რუსთაველის გამზირზე "წინა ხელისუფლების დროს შვილმოკლული მშობლების" საგანგებო შტაბი იქმნება. მეტრეველის თქმით, შტაბი ენმ-ის ხელისუფლებაში დაბრუნების წინააღმდეგ იბრძოლებს. აღსანიშნავია, რომ თითქმის ორი თვეა, რუსთაველის გამზირზე ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის ზაზა სარალიძის და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის აქციები მიმდინარეობს.

კომენტარები