აქცია ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად

ფოფხაძე: ხომ შეიძლება ნაძვის ხეც იყოს და ადამიანმაც უზრუნველყოს გამოხატვის უფლება

როდესაც გამოხატვის თავისუფლება საჭიროებს გარკვეულ ფორმებს, მუნიციპალიტეტს აქვს იმის დისკრეცია, შესთავაზოს ალტერნატიული ფორმები და აწარმოოს მოლაპარაკება საპროტესტო ჯგუფთან იმასთან დაკავშირებით, სად და რა ფორმით მოხდება საპროტესტო აქციის ჩატარება იმიტომ, რომ შეუძლია მუნიციპალიტეტს მარტივად უთხრას, რომ აქ აქციის ჩატარება მე ხელს მიშლის და იქნებ თქვენი გამოხატვის თავისუფლება გამოავლინოთ სხვა ადგილას. ასეთი მოლაპარაკებები აბსოლუტურად ლეგიტიმურია, აქ ქვეტექსტების დანახვა აბსოლუტურად არასწორია, თუ შენ შეგნებულად არ ცდილობ ამ ქვეტექსტების შექმნას. რაც შეეხება გუშინ განვითარებულ მოვლენებს, მგონია, რომ აქცენტი უნდა გავაკეთოთ იმაზე, სად უნდა მოხდეს რეალურად სამართლიანობის დადგენა და იმის გარკვევა, ვინ არის დამნაშავე. თუ ეს უნდა მოხდეს პარლამენტში, მაშინ ეს არასწორი ხედვაა, რადგანაც ჩვენ ვერ გამოვიტანთ განაჩენს...

უბრალოდ ვერ ვხვდები ასეთი ალტერნატივა რატომ ისმება, ხომ შეიძლება ნაძვის ხეც იყოს და ადამიანმაც უზრუნველყოს გამოხატვის უფლება. კი ბატონო, ჩვენ შეგვიძლია არ დავდგათ ნაძვის ხეები, გადავკეტოთ გზები და ამით ხაზი გავუსვათ იმას, რომ ჩვენთვის ადამიანია უპირველეს ყოვლისა, ამაში ცუდი არ იქნება, მაგრამ არ მგონია ასეთი ალტერნატივების წინაშე ვიდგეთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე. ცნობისთვის, რამდენიმე კვირის მანძილზე, ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილის კარვის ან საწვიმრის გაშლის უფლებას არ აძლევდნენ. პოლიციასთან ერთერთი დაპირისპირების დროს, სარალიძეს პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალიც წარუდგინეს. გუშინ აქცია "კარვებით ვიცავთ თავისუფლებას" გაიმართა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, არასამთავროებმა და მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირზე 20-მდე კარავი მაინც გაშალეს. ასევე, "უარს ვამბობ ნაძვის ხეზე, ვირჩევ ადამიანს" - ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად პეტიცია შეიქმნა.

კომენტარები