გიგა ზედანია

ზედანია: მეჩითოვი არ უნდა მივუშვათ პოლიტიკურ ცენტრთან, განადგურების მცდელობა დაუშვებელია

ა) ნებისმიერ ქვეყანაში იარსებებენ ადამიანები, რომლებსაც ეზიზღებათ ამ ქვეყნის სახელმწიფო.

არა ხელისუფლება, არა მთავრობა, არა პარტია, არამედ - სახელმწიფო.

ამას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, ფსიქოლოგიურიც და სოციალურიც. შეიძლება მათ სხვანაირ სახელმწიფოში ერჩივნათ ცხოვრება; შეიძლება საერთოდ არ ფიქრობენ სახელმწიფოზე და უბრალოდ ის ქვეყანა არ უყვართ, რომელშიც ცხოვრება მოუწიათ; შეიძლება წარმოდგენაც კი არ აქვთ, რა უნდათ.

მაგრამ ეს ასეა ისრაელში, აშშ-ში, ალჟირში თუ უკრაინაში. საქართველოშიც ვერ იქნება სხვაგვარად.

ეს ზიზღი გამოხატულებას ჰპოვებს, მათ შორის, მათთვის ქვეყნის მთავარი სიმბოლოების მიუღებლობაში.

ბ) საზოგადოებამ - თვით-რეგულირების პროცესის გავლით, აღშფოთებისა და კრიტიკული განხილვის მრავალსაფეხურიანი რეაქციებით - უნდა უზრუნველყოს, რომ ეს ადამიანები ვერასოდეს მიუახლოვდნენ პოლიტიკურ სისტემას ან საჯარო სამსახურს, ასევე მეინსტრიმ მედიას, როდესაც მსჯელობა პოლიტიკურ-საზოგადოებრივ საითხებზეა.

ისე ვერ იქნება, რომ ვთქვათ - "მერე რა მოხდა, ეზიზღებოდეს სახელმწიფო / ქვეყანა და გამოხატავდეს ამ ზიზღს, მაინც დამსახურებული ადამიანიაო". საჯარო სამსახური მოითხოვს გარკვეული წესების დაცვას, იმიტომ რომ ინსტიტუტები სხვა არაფერია, თუ არა წესები. თუ ამ წესებს პატივს არ სცემ, არ გაქვს უფლება, ამ წესების დადგენასა და შესრულებაზე იყო პასუხისმგებელი.

ამიტომ - კანონის ჩარევის გარეშე, სპონტანურად, საზოგადოების აღშფოთებისა და კრიტიკული მსჯელობის მოდულაციებით - უნდა მოხერხდეს ამ ადამიანების "არმიშვება" პოლიტიკურ ცენტრთან;

გ) ამასთან, სრულიად დაუშვებელია ასეთი ადამიანების განადგურების ან ქვეყნიდან განდევნის მცდელობა. მეტიც, ასეთი მცდელობა უფრო ადრე ჩამოშლის სახელმწიფოს, ვიდრე ამ ქვეყნის ზიზღით ავსებული ადამიანების სიტყვები და ქმედებები.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიგა ზედანია კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ფოტოგრაფ იური მეჩითოვის განცხადებებს ფეისბუქზე ეხმაურება. მეჩითოვმა ალ ჯაზირასთან თქვა, რომ 9 აპრილი იყო "გეგმა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. არავის სურდა ვინმეს მოკვლა. ისინი ყველა ჭყლეტაში დაიღუპნენ. 20 ქალი ასფიქსიით გარდაიცვალა. ჭრილობები ჰქონდათ, მაგრამ ისინი განზრახ არავის მოუკლავს".

კომენტარები