არჩევნები 2018

კახიძე: წულუკიანი ცრუობს, რომ საქართველომ რუსეთთან ICJ-ში დავა წააგო

თეა წულუკიანის უსირცხვილო ტყუილს მინდა გამოვეხმაურო, რომ თითქოს 2011 წელს საქართველომ წააგო რუსეთთან დავა ქართველების ეთნიკური წმენდის შესახებ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ).

სინამდვილეში, სასამართლოს არ განუხილავს არსებითად საქმე, რადგან პროცედურულად მიიჩნია, რომ მხარეებს ჯერ უნდა ამოეწურათ ორმხრივი მოლაპარაკების შესაძლებლობა.

იმის საჩვენებლად, რომ მოლაპარაკების გონივრული რესურსი ამოწურული იყო, ჩვენ რუსეთს ვუგზავნიდით შესაბამის დიპლომატიურ ნოტებს, რის შემდეგაც უნდა განახლებულიყო საქმის განხილვა.

ქართულმა ოცნებამ და პირადად თეა წულუკიანმა ეს პროცესი შეაჩერა და ექვსი წლის განმავლობაში არც კი უცდია, რომ განეახლებინა დავა რუსეთის ფედერაციასთან.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ დავის ფარგლებში იყენებს რუსეთი სალომე ზურაბიშვილის ციტატებს საქართველოს წინააღმდეგ.

ევროპული საქართველოს წევრი, ოთარ კახიძე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებას ეხმაურება. თეა წულუკიანის თქმით, წინა ხელისუფლებამ გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ) რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი წააგო, რაც სარჩელის შემდგენლების, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების არაკომპეტენტურობის ბრალია.

კომენტარები