არჩევნები 2018

ზურაბიშვილი: ყველაზე რთული იქნება ვიყო ყველას პრეზიდენტი, დავივიწყო ცილისწამება და მუქარა

ყველაზე რთული იქნება, როგორ უნდა შევასრულო ის დაპირება, რომ ვიყო ყველას პრეზიდენტი ხვალ. ესე იგი, უნდა დავივიწყო ყველაფერი, ყველას ცილისწამება, ყველა მუქარა ჩემი და ჩემი შვილების მიმართ, ყველა უსამართლობა, რაც იყო ნათქვამი. არა მხოლოდ ჩემზე - ამ დილით ვკითხულობდი ბაბუაჩემზე, ვის გაახსენდა, თურმე თარგმნა იტალიური ნოველა ქართულად, სათაურად ჰქონდა თურმე "ქაჯი". ეს თურმე საქილიკო საქმე არის. მაგრამ მე ვთვლი, რომ საამაყოა, რომ საუკუნის დასაწყისში ევროპულ ლიტერატურას ემსახურებოდა და შემოჰქონდა საქართველოში. იმედი მაქვს ასე გავაგრძელებთ და შემოვიყვანთ ევროპულ ლიტერატურას თარგმანებით და ადამიანებით და ჩვენ გავალთ ევროპაში. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი გასატანი. სულ ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ აბა, მოდი და დაველოდოთ, რას მოგვცემს ან ეს მთავრობა, ან ევროპა, ამერიკა და ხელგაშლილი ვდგევართ და ველოდებით ან ვამბობთ რა გვეშველება. მე მოვდივარ იმისთვის, რომ ერთად ვთქვათ - გვეშველება. ვუშველით ჩვენს თავს და არამხოლოდ ვუშველით, ჩვენ ევროპაშიც გვაქვს სათქმელი, იქ გვქვს მისატანი ის ტოლერანტობა, რაც არსებობს ამ ქვეყანაში.

"ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ეს განცხადება ორგანიზაცია "ქალები სამართლიანობისთვის" შეხვედრაზე გააკეთა. ორგანიზაცია ამბობს, რომ მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ქალთა მოძრაობის მიერ დაგეგმილ დისკუსიაზე სალომე ზურაბიშვილი არ მივიდა.

კომენტარები