კობახიძე: განსხვავებულ მოსაზრებებს პატივს ვცემთ, მთავარია დაცული იყოს გუნდურობის პრინციპი

ჩვენთვის მთავარია გუნდურობის პრინციპის დაცვა. უამრავ დეპუტატს ჰქონდა სხვადასხვაგვარი პოზიცია სასამართლოს საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, ვადებთან, სიასთან დაკავშირებით და ა. შ. ბევრი ასეთი დეპუტატი იყო გუნდში, თუმცა არც ერთ შემთხვევაში არ დამდგარა მათი სანქცირების თუ რაიმე სხვა გადაწყვეტილების მიღების საკითხი, იმიტომ რომ ჩვენ პატივს ვცემთ აზრთა სხვადასხვაობას გუნდის შიგნით.

აზრთა სხვადასხვაობა, ბუნებრივია, ვერ გახდება გარკვეული სანქციის საფუძველი, თუ რაიმე სხვა მსგავსი მიდგომის გამოვლენის საფუძველი. ასეთი რამ შეიძლება დღის წესრიგში დადგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე დეპუტატი არღვევს გუნდურობის პრინციპს. ეს პრინციპი დაირღვა, სამწუხაროდ არაერთგზის ამ დღეების განმავლობაში. შევხედავთ, ჩვენ არ ვჩქარობთ, ვნახოთ, როგორ გაგრძელდება პროცესები. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა დეპუტატი, რომელიც წარმოდგენილია საპარლამენტო უმრავლესობაში, დაიცავს ამ პრინციპს და იმოქმედებს გუნდის ინტერესების შესაბამისად.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ განსხვავებულ მოსაზრებებს ჩვენ, გუნდის შიგნით პატივს ვცემთ, თუმცა მთავარია რომ დაცული იყოს გუნდურობის პრინციპი. მათ შორის, მთავარი არის ის, რომ არასწორი ინფორმაცია არ მივაწოდოთ საზოგადოებას გარკვეულ მოვლენებთან და პროცესებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, არაერთი ტყუილი მოვისმინე მე კონკრეტული დეპუტატების მხრიდან ამ დღეების განმავლობაში, სხვადასხვა მიმართულებით. ეს ძალიან სამწუხაროა და იმედია, რომ ასე არ გაგრძელდება ეს პროცესი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პასუხობს ჟურნალისტების კითხვას ეკა ბესელიას საპარლამენტო უმრავლესობიდან შესაძლო გარიცხვის შესახებ.
მოკლე ბმული: