წითელა

სერგეენკო: დღევანდელი მდგომარეობით წითელას 335 შემთხვევაა, ეს ეპიდაფეთქებაა

ეს პრობლემა ჯერ კიდევ 90-იან წლებში ჩაისახა, თუმცა ის მდგომარეობა რაც ჩვენ დღეს გვაქვს უკიდურესად საყურადღებოა. ამას ეწოდება ეპიდაფეთქება. დღევანდელი მდგომარეობით, 335 დაავადების შემთხვევაა წითელასი, რომელიც მკვეთრად მატულობს დღეების მიხედვით. განსხვავებით გრიპის სტატისტიკისა და ეპიდემიოლოგიისგან, ამ შემთხვევაში ეს რაოდენობა უკვე საკმარისია, რომ მოხდეს დეფინიცია - ეს არის ეპიდაფეთქება.

ამის სპეციფიკა ის არის, რომ ერთადერთი და გარანტირებული დაცვა ამ დაავადების გავრცელებისგან არის ვაქცინაცია, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. მთელი ამ წლების განმავლობაში ბევრჯერ იყო მცდელობა რომ მომხდარიყო მასიური კამპანიური აცრა წითელას წინააღმდეგ, რადგანაც ახლა ჩვენ პრობლემა გვაქვს 20-40 წლამდე ასაკის ადამიანებში, მათში, ვისაც 90-იან წლებში უნდა გაეკეთებინა გეგმური ვაქცინაცია, მაგრამ დიდწილად ეს არ ხერხდებოდა ცნობილი მიზეზის გამო. 2008 წლის მდგომარეობით, ეს იყო 1 მილიონი ადამიანი, იმ წელს ჩატარებული კამპანიის შედეგად ნახევარი მილიონის ვაქცინაცია მოხერხდა, მეორე ნახევარის ვერა და ამაში გარკვეული წვლილი მაშინ გარკვეულმა მედიასაშუალებებმა შეიტანეს.

დღეისთვის, სავარაუდოდ, 200 ათასი ადამიანი არის წითელას იმუნიტეტის გარეშე, უმეტესად ეს არის საშუალო ასაკის ადამიანები, რომლებშიც დაავადება განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს. ვაქცინაცია არის ერთადერთი საშუალება ამ მაღალ გადამდები და ძალიან სახიფათო დაავადებასთან საბრძოლველად. ეპიდაფეთქებები ევროპაშიც მიმდინარეობს, თუმცა არა იმ მასშტაბის, როგორც ჩვენთან. ამიტომ ცალსახა მოწოდება იქნება, რომ ერთიანად ჩავატაროთ ვაქცინაცია და მოვხსნათ ეს რისკი, სხვა შემთხვევაში, რისკები იქნება მაღალი, სხვა შემთხვევაში რისკები იქნება ძალიან მაღალი.

თქვა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკო დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

კომენტარები