საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

მამა ლეონიდე: ქსენოფობიისა და რასიზმის ქადაგება ისტორიის შეურაცხყოფაა

დღეს საქართველოს უწმინდესი ეკლესია იხსენებს საოცარ "ტყვე ქალს", რომელმაც ისტორია შეცვალა. 


დღეს მსოფლიო იხსენებს იმ ტყვეობის ისტორიასაც, რომელმაც გასულ საუკუნეს სიკვდილის დაღი დაასვა. დაახლოებით 12 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ჰოლოკოსტმა.


ეს იყო ზეიმი ბოროტებისა, მაგრამ ღმერთი ყველაზე დიდი სასოწარკვეთიდან იწყებს იმედის ამობრწყინებას. ასე ამობრწყინდნენ ისინი, ვის გამოც ჯერ კიდევ შეგვიძლია გვჯეროდეს კაცობრიობის მომავლისა. ისინი ტყვეები იყვნენ, მაგრამ მათი ტყვეობა თავგანწირვის ის თავისუფლება იყო, რომელმაც სიბნელის საფარი სინათლის სხივებით დაბზარა: გრიგოლ ფერაძე, მარია სკობცოვა, მაქსიმილიან კოლბე, ედიტ შტაინი, იანუშ კორჩაკი... უამრავი სახელოვანი და უსახელო ტყვე. 


იმ ფონზე, როდესაც სასულიერო პირები ხშირად აჟღერებენ ქსენოფობიურ და რასისტულ იდეებს, განსაკუთრებით ორი პატარა ისტორია მინდა გავიხსენო:


როდესაც ნაცისტებმა ზანკითოს მიტროპოლიტ ქრიზოსტომოსს სთხოვეს გადაეცა მათთვის მის ეპარქიაში მცხოვრები ებრაელების სია, მიტროპოლიტმა მათ გადასცა ქაღალდი, რომელშიც მხოლოდ თავისი სახელი ეწერა. 


რამდენიმე თვით ადრე, იტალიის დატოვების სანაცვლოდ ნაცისტებმა რომის გეტოში მცხოვრებ ებრაელებს სამ დღეში 50 კგ. ოქრო მოსთხოვეს. ორ დღეში შეგროვდა 35 კგ. და როდესაც გამოსავალი აღარ იყო, ებრაელებმა პაპ პიუს XII-ს მიმართეს. პაპის ბრძანებით იმ ღამეს ვატიკანში 15 კილოგრამის ოქროს ბარძიმები გადაადნეს. 


ხანდახან ვერც კი ვიაზრებთ, რომ როდესაც "უცხოსა და ტყვეს" ვერჩით, ამითი კაცობრიობის იმ ისტორიას შეურაცხვყოფთ, რომელიც ღმერთის თავგანწირული მოწმობით არის განათებული, როგორიც არის მოწმობა ჩვენთვის ნათლის მომტანი "ტყვე ქალისა".

წერს მღვდელ-მონაზონი ლეონიდე ებრალიძე, აღმოსავლურ საეკლესიო მეცნიერებათა დოქტორანტი, facebook-ის პირად გვერდზე

კომენტარები