ეკონომიკური განვითარება

ბახტაძე: გვაქვს ყველა წინაპირობა, ქვეყანა გახდეს მთელი რეგიონის ეკონომიკური ცენტრი

საქართველოს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, თუმცა მიდგომა, როგორ უნდა მომხდარიყო ამ ყველაფრის ჩვენი ეროვნული ეკონომიკის სასიკეთოდ გამოყენება, ხშირად იყო ძალიან ფრაგმენტული. ვფიქრობ, ჩვენ შევძელით, ეს ერთიან სტრატეგიაში მოგვექცია. ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მოვისმინე, გახლდათ ის რომ, საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა, გახდეს მთელი რეგიონის ეკონომიკური ცენტრი. ჩვენ ვართ კარიბჭე 8 ქვეყნისთვის, რომელსაც არ აქვს ზღვაზე გასასვლელი, შესაბამისად, ეს არის ძალიან დიდი პოტენციალი, მაგრამ ამავე დროს - დიდი პასუხისმგებლობა. სწორედ ეს არის მიზეზი, რატომ გავზარდეთ ასე მნიშვნელოვნად ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში ბოლო წლების განმავლობაში. ეს არის მიზეზი, რატომ ვართ მოწადინებული, რაც შეიძლება მოკლე დროში გვქონდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ღრმაწყლოვანი პორტი. მინდა, ხაზი გავუსვა გლობალური მნიშვნელობის პროექტებსაც, რომლებიც უკვე ხორციელდება და დარწმუნებული ვარ, ჩვენს პარტნიორებთან ერთობლივი ძალისხმევით კიდევ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეკონომიკურ კონფერენციაზე "საქართველო და მსოფლიო 2019 წელს" სიტყვით გამოსვლისას თქვა.

კომენტარები