უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

ნარსია: რომ არა საყრდენი ჯგუფი საპატრიარქოში, ალფაევი ვერ გაბედავდა ასეთ თავხედობას

აი, რა განსხვავებაა კონსტანტინოპოლსა და რუსეთს შორის! კონსტანტინოპოლის წარმომადგენელმა ქრისტიანული ეთიკის სრული დაცვით განუმარტა საქართველოს ეკლესიას საკუთარი პოზიცია. არავითარი იმპერატიული ტონი არ შეიმჩნეოდა მიტროპოლიტი ემანუელის განცხადებებში. მინიშნებითაც კი არ უთქვამს (ორჯერ შეუბრუნა ჟურნალისტმა შეკითხვა) საკუთარი სურვილების შესახებ და სრულიად ნეიტრალური სივრცე დატოვა სამსჯელოდ კონსტანტინოპოლსა და საქართველოს ეკლესიას შორის. სწორედ ეს აღნიშნა მოსაყდრე შიომ, როცა მიტროპოლიტი ემანუელის კორექტულობასა და თავაზიანობაზე საუბრობდა. 

მოსკოველი მიტროპოლიტი ილარიონ ალფაევი ყოველგვარ ეთიკურ ნორმებს არღვევს და იმპერატიული ტონით აცხადებს, რომ საქართველოს ეკლესია მხარს არ დაუჭერს უკრაინის ავტოკეფალიას. დამაკნინებელი ტონით საუბრობს საქართველოს ეკლესიის სინოდის წევრ ეპისკოპოსებზე („რამდენიმე ახალგაზრდა ეპისკოპოსი“). წარმოგიდგენიათ, როცა საჯარო განცხადებას ასეთი ტონალობით აკეთებს რას იზამს და როგორ მოიქცევა დახურულ შეხვედრებზე საპატრიარქოში?! ან, საქართველოს ეკლესიის დელეგაციას როგორ დაელაპარაკებიან მოსკოვში ვიზიტების დროს?! ეს არის რუსეთი! ეს არის მტერი, რომლის ბოგინი უნდა დასრულდეს საქართველოს საპატრიარქოში. რომ არა საყრდენი ჯგუფი საპატრიარქოში ალფაევი ვერ გაბედავდა ასეთ თავხედობას!

საინტერესოა საპატრიარქო და მეუფე შიო როგორ შეაფასებს მოსკოველი მიტროპოლიტის ამ განცხადებას - იყო ეს განცხადება თავაზიანი და კორექტული?

საეკლესიო სამართლის სპეციალისტი, ვლადი ნარსია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელის, მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევის განცხადებას ეხმაურება. ალფაევმა თქვა, რომ საქართველოს ეკლესიაში ესმით, რა შეიძლება დაემუქროთ უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების შემთხვევაში. მიტროპოლიტმა ილარიონმა კონსტანტინოპოლის ეკლესიის პოზიციის მხარდამჭერი "ახალგაზრდა მღვდელმთავრები" პატრიარქის ოპოზიციად მოიხსენია.

კომენტარები