უმრავლესობის სხდომა

თალაკვაძე ოპოზიციას: ფარული ჩანაწერების სათავეს თუ ეძებთ, საკუთარ თავებს იპოვით

ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით არის პრინციპული. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს თანაგუნდელს. მიუღებელია პირადი ცხოვრების ამსახველი ნებისმიერი მასალის მანიპულირება, მისი გავრცელება და, რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდით შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ძალიან დროული რეაგირება მოახდინა, გამოავლინა ისინი, ვინც ავრცელებდნენ და, სავარაუდოდ, ის ადამიანიც, ვინც ეს პირველმა ატვირთა ინტერნეტში. აქვე მინდა, გამოვეხმაურო ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის სრულიად უპასუხისმგებლო და ცინიკურ განცხადებებს, როცა მათ მიუთითეს, რომ ჩვენ გვაინტერესებს, სათავე სად არის ამ ყველაფრისო. მათ თუ ჰგონიათ, რომ საზოგადოებას დაავიწყდა, ვისი დამზადებულია სერიებად ეს პირადი ცხოვრების ჩანაწერები უკანონოდ, ვის ჰქონდა ეს შენახული და ვინ მართავდა თავის დროზე ამ მეთოდებით, ძალიან შემცდარან. ამიტომ, თუ სათავეს ეძებენ, ისინი იპოვიან თავიანთ თავს. ამიტომ, ამ კითხვის დასმა არის ერთგვარად საზოგადოების მოტყუების, შეურაცხყოფის მცდელობაც კი, ვინაიდან ამ ჩანაწერების სათავეში, მთელმა საზოგადოებამ იცის, რომ სწორედ ის ადამიანები დგანან, ვინც სწორედ ამ უპასუხისმგებლო, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ ამ დღეების განმავლობაში. ჩვენ დაველოდებით, როდესაც ის ადამიანები, ვინც დანაშაული ჩაიდინეს, იქნებიან პასუხისგებაში მიცემულნი

ქართული ოცნების დეპუტატი არჩილ თალაკვაძე უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ. თალაკვაძე მისი თანაგუნდელის, ეკა ბესელიას, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე საუბრობს და შსს-ს მადლობას უხდის იმ 16 ადამიანის დაკავების გამო, რომელიც ამ საქმეზე დააკავეს

კომენტარები