ქართული ოცნება

ნოდია კვაჭანტირაძეზე: ბიძინას ყელში ამოუვიდა ე.წ. "ძველების" პრეტენზიები

ფაქტობრივად, ზვიად კვაჭანტირაძემ აღიარა, რომ სასამართლოს თემა მხოლოდ საბაბი გახდა, რეალურად თვეების წინ აპირებდა "ოცნებიდან" წასვლას სულ სხვა მიზეზების გამო. ყველაფრიდან ჩანს, რომ იგივე ეხება ეკა ბესელიას და სხვა ამბოხებულ მეოცნებეებსაც.

რეალური მიზები, როგორც ჩანს, ისაა, რომ ბიძინას ყელში ამოუვიდა ე.წ. "ძველების" პრეტენზიები, განსაკუთრებული როლი გვაქვს მიშას "დიქტატურის" დამხობაში და შესაბამის მოპყრობას ვიმსახურებთო. ამათ ლაპარაკზე, ბიძინასთან ერთად ჩვენც დავაარსეთ "ქართული ოცნებაო", ამ უკანასკნელს ძალიან ეშლება ნერვები (ჩემი აზრით, არცთუ უსაფუძვლოდ): უჩემოდ რისი გამკეთებლები იყავით, მე ვისაც მინდოდა, იმას დავიყენებდი გვერდში და იმასთან ერთად მოვიგებდიო. ბიძინამ მიაჩმორა, გაცილებით უფრო იოლად მართვადი "გოგლი-მოგლი ბიჭები" დაასვა თავზე, ეს კი ამბიციურმა "ძველებმა" ვერ აიტანეს. უფრო რთული ახსნები საჭირო არ არის.

თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ საბაბი შესანიშნავად შეარჩია ქალბატონმა ეკამ - კარის ლამაზად და ხმამაღლა გამოსაჯახუნებლად სასამართლოზე უკეთეს თემას ვერ ინატრებდი. ამაში კი აჯობეს ბიძინას. 

წერს ფილოსოფოსი და პოლიტოლოგი გია ნოდია ზვიად კვაჭანტირაძის განცხადების კომენტირებისას, სადაც მან თქვა: "გადაწყვეტილება მე მივიღე რამდენიმე თვით ადრე. ამის შესახებ ივანიშვილს მოვახსენე და ჩავთვალე თავი ვალდებულად მისთვის ეს მეთქვა. მან ძალიან ბევრი შეკითხვა დამისვა, ყველა შეკითხვაზე პასუხი გავეცი. მისი პასუხი იყო, რომ მე ნაადრევ გადაწყვეტილებას ვიღებ და ამის გაკეთებას არ მირჩევს და რომ ყველაფერი დალაგდება, დაივარცხნება და ყველაფერი კარგად წავა. ბევრ ჩემ წუხილებში დამეთანხმა. რაზე დამეთანხმა, ამას არ ვიტყვი, თუმცა, შეკითხვები დამისვა იმ მოტივებთან დაკავშირებით, თუ რით იყო გამოწვეული ჩემი ის განცხადება და გადაწყვეტილება. მე საერთოდ პარლამენტიდან წასვლა მინდოდა, როდესაც მასთან მივედი"

კომენტარები