საქართველოს პარლამენტი

კაკულია: 2012 წელს "ოცნება" სიმართლესთან ასოცირდებოდა, ენმ - ტყუილთან, ეს მოცემულობა იცვლება

საზოგადოება არ არის ისე განვითარებული, რომ მას ღირსეული დემოკრატიის შექმნა შეეძლოს, ამიტომაც არსებობს დღეს საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ინსტრუმენტები და მთელი ეს მანქანა ივანიშვილის წინააღმდეგ მუშაობს, რათა ისტორიაში სწორედ ამ ორი მოსამართლის [მიხეილ ჩინჩალაძის და ლევან მურუსიძის] მხარდამჭერის სახელით შევიდეს და არა ქველმოქმედებით. ამიტომაც, ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილს სერიოზულად დაფიქრება მართებს, რა წონა აქვს ამ გადაწყვეტილებას, კიდევ ერთხელ ხომ არ უნდა გადაამოწმოს ის დეტალები, რომელთა შესახებაც ჩვენ შესაძლოა, არ ვიცით, ან ის ღირებულებები, რომ თითქოს ჯობია სასამართლოს თვითდაწმენდის საშუალება მიეცეს, ვიდრე ქირურგიულად ჩავერიოთ მასში.

ცალკე აღებულ ამ თეორიას შესაძლოა, ვეთანხმებოდი კიდეც, მაგრამ დღეს სრულიად სხვა ვითარება გვაქვს. თუნდაც ფიქრობდე, რომ უსამართლოდ შეგიბღალეს ავტორიტეტი, რომ პროპაგანდისტულმა მანქანამ დაგამარცხა (ამაში სწორედ იმ საეჭვო რეპუტაციის მოსამართლეებს ვგულისხმობ), ამ პროცესის მიმართ სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება უნდა გამოიჩინო, რადგან გინდა თუ არა, მმართველ ძალასთან ხარ ასოცირებული.

იცით, "ქართული ოცნების" მთავარი პრობლემა რა არის? 2012 წელს ის სიმართლესთან იყო ასოცირებული, ხოლო "ნაციონალური მოძრაობა" ტყუილთან, ახლა კი ეს მოცემულობა ნელ-ნელა იცვლება. იმედია, ბიძინა ივანიშვილი ამ ყველაფერს გააანალიზებს და ისე დაამახსოვრებს თავს ხალხს, როგორც იმსახურებს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია კვირის პალიტრასთან ინტერვიუში.

კომენტარები