კაკულია: სხდომა იმიტომ დავხურე, რომ დავშანტაჟდი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით

საზოგადოების უფლებაა, დამიჯეროს ან არა, მაგრამ სხდომის დახურვა იმიტომ კი არ გადავწყვიტე, ამას ვინმე მეუბნებოდა, არამედ იმიტომ, რომ დავშანტაჟდი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, რომ თუ იტყოდა ყველაფერს, რაც სათქმელი ჰქონდა, ეს საფრთხის შემცველი იქნებოდა ფინანსური სექტორისთვის. მე ხომ არ ვიცოდი, რის თქმას აპირებდა. შინაარსი რომ მცოდნოდა, შემეძლო თავად შემეფასებინა, რა რისკებს შეიცავდა მისი ინფორმაცია. ამიტომ გადავწყვიტე, დარტყმა, რომელიც სხდომის დახურვას მოჰყვებოდა, ჩემს თავზე ამეღო.

ამიტომაც ვამბობ, რომ კობა გვენეტაძე ან საერთოდ არ უნდა მოსულიყო პარლამენტში, ან თუ მოვიდა, ეთქვა მხოლოდ ის, რაც წინა დღეს გავრცელებულ სებ-ის განცხადებაში იყო ნათქვამი - ბოდიში, მაგრამ დიალოგში არ ჩავერთვებიო. შემდეგ სხდომას ისე წარვმართავდი, რომ მას არავინ დაახრჩობდა და იქნებოდა მხოლოდ რეაქცია მის პოზიციაზე. მაგრამ მან სულ სხვა განცხადება გაავრცელა და მე სხვა გამოსავალი ვერ დავინახე. ამიტომაც დასრულდა ასე გაუგებრად სხდომა

დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის თავმჯდომარე რომან კაკულია კვირის პალიტრასთან საუბარში, 27 თებერვალს ჩაშლილი სხდომის შესახებ, სადაც სებ-ის პრეზიდენტის და თიბისი ბანკის დამფუძნებლებისთვის უნდა მოესმინათ.

კომენტარები