წულუკიანი ხაზარაძეს: სანამ განცხადებას გავაკეთებთ, გვევალება, რომ სასაცილოდ არ ავიგდოთ თავი

ამ ხმაურიანმა განცხადებამ კიდევ მეტი არასერიოზულობა შესძინა, სამწუხაროდ, თავად ბატონ ხაზარაძეს, იმ საქმეს, რომელსაც თითქოსდა სათავისოდ იცავს. მე პირადად ამას, რა თქმა უნდა, პირველი განცხადების მომენტიდანვე ღიმილით შევხვდი, იმიტომ, რომ მე წარსულში მახსოვს პოლიტიზებული მოსამართლის, ბატონი გიორგი პაპუაშვილის განცხადება, თითქოს, მას ვემუქრებოდი და შემდეგ აღმოჩნდა, რომ მის სახლთან მომუშავე მემწვანილე ემუქრებოდა. ეს გამახსენდა, გამეღიმა და მერე კიდევ უფრო გამეღიმა, როდესაც აღმოჩნდა, რომ მას არ აქვს წერილი, რაღაც ნაბეჭდი მოიტანა, თუმცა, რა თქმა უნდა, როცა განცხადება კეთდება, საჭიროა, შესწავლა, რეაგირება, მაგრამ სანამ განცხადებას გავაკეთებთ, ყველას გვევალება, რომ სასაცილოდ არ ავიგდოთ თავი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თიბისი ბანკის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, მას შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მუქარის წერილი გაუგზავნა. სამპუნქტიან წერილში, რომელიც მამუკა ხაზარაძემ სასამართლოში მიიტანა, წერია, რომ "უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე, გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე (ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან). მამუკა ხაზარაძემ უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში და არტარეას უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი".

კომენტარები