კაპანაძე პროკურატურაზე: რას ელოდნენ, რომ გახარიას საგვარეულო გერბზე იქნებოდა ეს წერილი?

ყველა ის ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ წერილზე ხელმოწერა არ იყოო, ფარისეველია. პოლიტიკურად ფარისეველი. რას ელოდნენ, აბა, რომ გახარიას საგვარეულო გერბზე იქნებოდა ეს წერილი და იქიდან დადასტურდებოდა? თუ რას ელოდნენ? ეს არის ჩვეულებრივი, კლასიკური მუქარის წერილი, რომელიც სავარაუდოდ, დაიბეჭდა და ვის თავში მოვიდა, ტექსტიდან გამომდინარე, ეჭვი არ მეპარება - ეს პირდაპირ ივანიშვილის ტერმინოლოგიას და დაკვეთას ჰგავს. ინსტრუმენტები იმისთვის არსებობს, რომ ამ წერილის ნამდვილობა დადგინდეს. თორემ პროკურატურამ უკვე თქვა, რომ აზრი არ აქვს ამ წერილსო. ამხელა მნიშვნელობის ამბავი "გახეთქა" მამუკა ხაზარაძემ და ერთ წუთში პროკურატურამ თქვა, რომ არაფერს აზრი არ აქვსო. ესაა სანდო გამოძიება?

ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგი კაპანაძე ტვ პირველის ეთერში საუბრობს იმ მუქარის წერილზე, რომელზეც TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო. ხაზარაძე დაკითხვაზე დაიბარეს, სადაც მან წერილის ასლი მიიტანა (ორიგინალი მისივე თქმით, ლონდონში ექსპერტიზაზეა გაგზავნილი), რის შემდეგაც, პროკურატურამ საქმის გამოძიება შეწყვიტა იმ მოტივით, რომ წერილი ამობეჭდილი იყო და "ნებისმიერს შეეძლო მისი ამობეჭდვა".

კომენტარები