ბახტაძე: ფაქტია, რომ ეროვნული ბანკი სრულიად დამოუკიდებელია, სხვა ყველაფერი - სპეკულაციაა

ბოლო დღეების განმავლობაში მოვისმინეთ სრულიად უსაფუძვლო და პოპულისტური განცხადებები ეროვნული ბანკის მისამართით. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეროვნული ბანკი გახლავთ სრულიად დამოუკიდებელი და ძალიან კარგი პროფესიონალებით დაკომპლექტებული ინსტიტუტი, რომელმაც აჩვენა თავის საქმიანობაში, რომ ყოველთვის მოქმედებს ძალიან მაღალი ეთიკური ნორმებით. ეს არ გახლავთ მხოლოდ ჩემი შეფასება, ეს გახლავთ შეფასება, რომელსაც ჩვენ ვისმენთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან. ეს გახლავთ ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რომ ჩვენ გვაქვს ასეთი წარმატება და ამდენი წლის შემდეგ მოხერხდა საინვესტიციო რეიტინგის ზრდა. ეს არის ფაქტობრივი გარემოება, დანარჩენი ყველაფერი გახლავთ, სამწუხაროდ, პოლიტიკური სპეკულაცია, მარეგულირებლის გამართული მუშაობა არის ძალიან თვალსაჩინო. მადლობა მინდა გადავუხადო ეროვნულ ბანკს პროფესიონალური საქმიანობისთვის.

ბანკმა თავისი საქმიანობის ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება ზედამხედველობის ნაწილში, რომელიც, როგორც ჩვენ მოვისმინეთ იყო შესაბამისი ძლიერი არგუმენტებით გამყარებული. მსურს კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი ძალიან დადებითი მიდგომა, რომ ეროვნულმა ბანკმა და TBC ბანკმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს. თიბისი ბანკის გახლავთ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არამხოლოდ ჩვენი საფინანსო სექტორისთვის, არამედ ეროვნული ეკონომიკისთვის. ძალიან სამწუხარო იყო ჩემთვის იმის მოსმენა, რომ სხვადასხვა, სრულიად უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები ცდილობენ ეს საკითხი დააბრუნონ უპასუხისმგებლო პოლიტიკურ საინფორმაციო ველში, რომ მოსახლეობამდე დამახინჯებული გზით მიიტანონ ეს ინფორმაცია. ხდება არასწორი აქცენტების დასმა და უფრო მეტიც, ჩვენ ვიხილეთ, რომ აქვთ მცდელობა რომ ანაკლიის პროექტიც კი მიაბან ამ საკითხს.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე თიბისი ბანკის საქმეზე და ეროვნული ბანკის კრიტიკაზე ისაუბრა.

კომენტარები