უგულავა ხაზარაძის საქმეზე: უმრავლესობა ტყლაპოში ზის და ამ ტყლაპოს გუნდებს ისვრის

უმრავლესობა ხაფანგში მოქცეული სირაქლემასავითაა ხაზარაძის საქმესთან დაკავშირებით, ხვდებიან, რომ ტყლაპოში სხედან და არსენალში მხოლოდ და მხოლოდ ამ ტყლაპოს გუნდების სროლა აქვთ, მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვხედავთ უმრავლესობის შიგნით განხეთქილებასაც, რადგან მართლაც ორკესტრირებულია ეს შეტევა, ხელოვნური მუხლია წაყენებული ხანდაზმულობა რომ გადაფარულიყო. პროკურატურიდან ვხედავთ, რომ ჯერ გაჟონვა მოხდა ხელისუფლებასთან დაახლოებული მედიასაშუალებით ამ საქმეზე იქ 31 დეკემბერს დაკითხეს, გეგონება ვინმე სადმე გარბოდა, ამას დაემატა ტროლების ფაბრიკა.

ასევე ჩვენ ვხედავთ სრულიად უსუსურ და დაუბალანსებელ, წარმოუდგენლად სუსტ პოზიციას ეროვნული ბანკისგან, როგორც რეგულატორისგან, ვხედავთ პრობლემებს, რომლებიც ხელოვნურადაა შექმნილი ანაკლიის პორტის მშენებლობის მიმართულებით და ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ არსებობს დირიჟორი, რომელიც დირიჟირებას უკეთებს ამ ყველაფერს და უმრავლესობაც ვეღარ მალავს და ცხადია რომ ეს დირიჟორი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც ხაზარაძეზე ნაწყენია.

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის გიგი უგულავას კომენტარი ტვ პირველის ეთერში. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურის წინ მას შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მუქარის წერილი გაუგზავნა, რომელიც პროკურატურამ გაასაჯაროვა. შეგახსენებთ წერილში აღნიშნულ სამ მოთხოვნას - 1. უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე, გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე (ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან). 2. მ.ხ.-მ უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში. ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ მას ნაციონალური მოძრაობის პირობებში და რომ ამის გამეორება მიუღებელია. მან უნდა მოუწოდოს ბიზნესმენებს, მათ, ვისაც მსგავსი პოზიცია აქვთ, გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ (შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი). 3. არტარეას უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი. აღნიშნული პუნქტების შეუსრულებლობის შემთხვევაში გახარია ხაზარაძეს, რეპუტაციული ზიანით ემუქრებოდა. ამასთან, ხაზარაძის თქმით, ეროვნული ბანკი პრეზიდენტის, კობა გვენეტაძისა, და მისი მოადგილის მეშვეობით მასა და ბადრი ჯაფარიძეს აშანტაჟებდა. გარდა ამისა, თიბისი ბანკის დამფუძნებელმა ისაუბრა კოორდინირებული შეტევაზე ერთდროულად 4 უწყების მხრიდან და ამას საეჭვოდ დამთხვეული კიბერშეტევის შესახებ.

კომენტარები