დაპირისპირება ჭიდაობის ფედერაციაში

გეგეშიძე: ჩხუბი მოხდა, მოხდა, რატომ გადააქვთ ეს ელემენტარული ჩხუბი პოლიტიკურ ჭრილში

მე იმედი მაქვს, რომ სიმართლე იზეიმებს, გაირკვევა, ვინ არის მოძალადე, რატომ ხდება ეს ყველაფერი, რატომ გადააქვთ ეს ელემენტარული ჩხუბი პოლიტიკურ ჭრილში. ჩხუბი მოხდა, მოხდა, ხო, რა მნიშვნელობა აქვს. ჩხუბი ყველგან ხდება, ყველა შეჯიბრზე ხდება და ყველა სპორტის სახეობაში ხდება ეს ჩხუბი, მაგრამ ამ ბოლო დროს, ძალიან პოლიტიკური კუთხით უდგებიან ამას

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე წინასასამართლო სხდომის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ 1 იანვარს, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალის დღეს, სპორტის სასახლეში დაპირისპირებისას, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს გეგა გეგეშიძე ფიზიკურად გაუსწორდა. თვითმხილველის მიერ ტელეფონით გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ გეგეშიძეს ხელში ჯაჭვი უჭირავს, რომელსაც მოჭიდავის მიმართულებით იქნევს, შემდეგ კი მუშტს ურტყამს. თავად გეგა გეგეშიძე დარტყმის ფაქტს უარყოფს და დაპირისპირების ფაქტს "უფრო შეხლა-შემოხლას" უწოდებს. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზეც დატოვა. ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომაზე გეგა გეგეშიძემ ზურაბ დათუნაშვილს ბოდიში მოუხადა, თუმცა, მოჭიდავის მოთხოვნა უცვლელია - ის გეგეშიძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ამბობს, რომ თავად დატოვებს ფედერაციას.

კომენტარები