საქართველოს პარლამენტი

ბოკუჩავა: წულუკიანი ზოგადად არის ბოღმისა და ღვარძლის კვინტესენცია

ისე, როგორც ის იტყუება ჰააგაზე, რუსთავი 2-ზე და ძალიან ბევრ სხვა საკითხზე, მან საპარლამენტო ტრიბუნიდან ასევე დღეს მოიტყუა იმ საუბრის შინაარსზე, რაც ჩვენ გვქონდა. მან მე მითხრა, რომ დღეს ის აღიარებდა, რომ ჩემს მიმართ გააკეთა არასწორი განცხადება და მთხოვა,რომ ამ აღიარების შემთხვევაში მე დამეცვა ის, როგორც ქალი პოლიტიკოსი, თუ მის მიმართ, როგორც ქალი პოლიტიკოსის მიმართ, გაკეთდებოდა შეურაცხმყოფელი განცხადება. დღეს ვაცხადებ, რომ მზად ვარ, თუ თეა წულუკიანს, როგორც ქალს, ნებისმიერ ლიდერი, ნებისმიერი პოლიტიკური კუთვნილებისა მიაყენებს შეურაცხყოფას, მე მზად ვარ დავიცვა, მაგრამ, სამწუხაროდ, მე მას ვერ დავიცავ, როდესაც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო განიხილავს მის თანამონაწილეობას ბიძინა ივანიშვილის ყველაზე ბინძურ და დანაშაულებრივ საქმეებში.

ქალბატონი თეა ზოგადად არის ბოღმის და ღვარძლის კვინტესენცია, მე ძალიან ვწუხვარ, ეს არის მისი პირადი ტრაგედია, თუმცა ვფიქრობ, რომ პარლამენტში ეთიკის ნორმები მოითხოვს, რომ მინისტრებმა არ მოიტყუონ და ასევე ბოღმისა და ღვარლის ნთხევის ტრიბუნად არ აქციონ ქვეყნის ყველაზე მაღალი საკანონმდებლო ტრიბუნა.

ამბობს ენმ-ს დეპუტატი თინა ბოკუჩავა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანზე, რომელმაც 20 მარტს, სესიაზე ბოკუჩავას კითხვა ერთხელ გამოტოვა, ხოლო მეორედ არ უპასუხა, შემდეგ კი ჟურნალისტებთან თქვა, რომ "ქალბატონი თინა ძალიან ბევრ უსაფუძვლო განცხადებას აკეთებს და ამავე დროს, ის ძალიან ლამაზი ქალია". დღეს, 21 მარტს, კი აღნიშნულ განცხადებაზე თქვა და დაამატა, რომ მისი განცხადება "არ იყო კარგი" და თინა ბოკუჩავა ლამაზი და განათლებული ქალია.

კომენტარები