ბექა მინდიაშვილი

მინდიაშვილი: რა სურათს მივიღებთ ბოლო დროის პოლიტიკური სურვილები რომ ახდეს

ბოლო რამდენიმე კვირის პოლიტიკური სურვილები რომ ახდეს, ასეთ საერთო სურათს მივიღებთ:

პოლიტიკოსები მასობრივად დაიწყებენ წმინდა სისხლის ქართველობის ტესტის ჩატარებას, ხოლო სასამართლო დაადგენს, ვინ არის მეფე და ვინ - სიხარულიძე მას შემდეგ, რაც ამოთხრიან ბაგრატიონებს და მათაც გატესტავენ. ყველაფერი მძიმე შედეგით დასრულდება; ამიტომ, უჯიშოთაგან დასაზღვევად მარტო სუფთა ჯიშის ნაღდი ქართველები და მათი შვილიშვილები მიიღებენ მემკვიდრეობას. ასე რომ, მიშაც დაბრუნდება;

მართლმადიდებლების გარდა, ყველა მღვდელი ჯარში წავა. შედეგად, გირჩი მამაოები, რაბინები, მოლები, პადრეები, პასტორები და გურუები, ცეცხლით და მახვილით, დაიცავენ სამშობლოს. საპატრიარქოს კლიროსი კი ბრძოლის ველზე თავგანწირვის შესახებ დამოძღვრავს თავიანთ კოლეგებს - ოღონდ ფრიად იშვიათად.

იშვიათად იმიტომ, რომ ჯარში წასვლისა და მამულის დაცვის მაგივრად, საპატრიარქოელი იერარქები სექსუალური აღზრდის გაკვეთილებს დაესწრებიან და თუ პედაგოგმა გააცდინა, თვითონ გადაიბარებენ პასუხისმგებლობას იმის ახნსისა, რატომ ხდება, რაც ხდება (მუწუკები, თმები იღლიაში, სპერმატოზოიდთა მიმორბენები).

ამ რეფორმის შემდეგ მოზარდები მხოლოდ დილის 10 დან 18 საათამდე ივლიან ღამის კლუბში მარტონი, ხოლო როცა რეალურად დაღამდება და მთვარე ამოვა, მათი მშობლებიც, რასაკვირველია, მამაოებთან ერთად, შეიქროლებენ ბასიანის მინდორ - ველებზე თავიანთი შუბებით, ზუჩებითა და მუზარადებით;

ამასობაში, რელიგიის სააგენტო სამინისტროდ გადაკეთდება და მღვდლების გარეშე დარჩენილ მრევლს, მათ შორის, გირჩებს, ხელში დიდი სამინისტრო კელაპტრით, მინისტრი ზაზა წაუძღვება მარადიული ნეტარებისკენ მიმავალ გზაზე;

ყოველივე ამასთან ერთად, ანტიდისკრიმინაციულ კანონში შევა ცვლილება, რომ ყაჩაღებისა და ქურდების წინაშე ყველა თანასწორია, ხოლო მთავრობის ბინების გატეხვის გამო თუ უნებლიედ ვინმე გადაიხარხარებს, თანასწორობის კანონს დაარღვს და მას ქურდები უმალ მიაკითხავენ - გასათანაბრებლად;

ყველაფერი იმით დასრულდება, რომ საქართველოში დარჩებიან მხოლოდ ეს ქურდები და მღვდლები, რომლებიც ერთმანეთთან ეროვნულობის ტესტით იკაჩავებენ და კარგი სექსუალური აღზრდით დაკავდებიან კვიციანის სახელობის შეყვარებულთა აღრიცხვის საზოგადოებაში.

თვითონ კვიციანი კი, თავზე მის მიერვე ოდესღაც აკრძალული შინდისფერი ჰიჯაბით, შორს, ჰორიზონტს მიღმა, სხვა დედის საშო გამოვლილ ნაყოფებთან ერთად, ისევ იმ ბრძენი კაცის ხესთან მიცურდება და ასომთავრულად იტყვის: აი, ია

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს

კომენტარები