დაპირისპირება პანკისის ხეობაში

კალაძე ჰესებზე: ყველა, ვინც ეწინააღმდეგება ენერგოდამოუკიდებლობას, ქვეყნის მტერია

კამპანია, რომელიც ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ არის მიმართული, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ თუ გვინდა ქვეყანა განვითარდეს, წინ წავიდეს, მაქსიმალურად რაციონალურად უნდა იქნას ათვისებული წყლის რესურსი და შესაძლებლობები, რომელიც ქვეყანას გააჩნია. 5 წლის განმავლობაში ვიყავი ენერგეტიკის მინისტრი და ამდენი პროექტი - ჰიდროელექტროსადგური, ქარის ელექტროსადგური, თბოელექტროსადგური, ქვესადგურების პროექტი, რომლებიც ევროპული სტანდარტებით გავაკეთეთ, არასდროს საქართველოში არ გაკეთებულა. გული მწყდება, რომ დღეს ამ მიმართულებით პროექტების განხორციელება არის შეფერხებული.

ჩვენი ქვეყანა განვითარებადია, ყოველწლიურად ვითარდება, ეკონომიკური ზრდა გვაქვს და შესაბამისად, ელექტროენერგიაზე მოთხოვნაც მეტი იქნება. რატომ უნდა ვიყოთ დამოკიდებული სხვადასხვა ქვეყნებზე ელექტროენერგიის შემოტანით, რატომ უნდა გავიდეს თანხები სხვა ქვეყნებში? ისევ ჩვენს ეკონომიკაში ჩაიდოს და მოხმარდეს ეს თანხები. ყველა ის ადამიანი, ვინც ეწინააღმდეგება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას, ენერგეტიკულ განვითარებას, ძალიან მარტივად რომ ვთქვა, არის ქვეყნის მტერი

ინტერპრესნიუსის ცნობით, თბილისის მერმა კახა კალაძემ ასე პანკისის ხეობაში 21 აპრილს მომხდარი დაპირისპირება შეაფასა. ცნობისთვის, პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის დაწყებას მოსახლეობის პროტესტი მოყვა - ადგილობრივები და სპეცრაზმელები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. სამართალდამცავები მოსახლეობის წინააღმდეგ რეზინის ტყვიებსა და ცრემლსადენ გაზს იყენებდნენ, მოსახლეობა კი მათ ქვებს ესროდა. ასევე, ადგილობრივებმა პოლიციის 2 მანქანა და ის ტრაქტორი დაწვეს, რომელიც ჰესის მშენებლობაზე მუშაობდა. ხეობაში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ჩავიდა და ადგილობრივებთან შეხვედრის შემდეგ პირობა დადო, რომ პანკისში ჰესი მხოლოდ მას შემდეგ აშენდება, რაც მოსახლეობის მხრიდან 90%-იანი თანხმობა იქნება.

კომენტარები