მამუკა ბახტაძე

ბახტაძე: დღეს ჩვენ ევროპასთან ვართ ისე ახლოს, როგორც არასდროს

ჩვენ შევძელით და შევქმენით სახელმწიფო, რომელიც თვალსაჩინო დემოკრატიად ჩამოყალიბდა ორ კონტინენტს შორის და აკავშირებს ევროპას აზიასთან. ამ გამოწვევებით აღსავსე რეგიონში საქართველოს აქვს ამბიცია და ხედვა, რომ მშვიდობიანი არსებობის წესები დაამკვიდროს და შექმნას მდგრადი და დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფო.

დღეს ჩვენ ევროპასთან ვართ ისე ახლოს, როგორც არასდროს. თუმცა, ჯერ კიდევ არსებობენ ძალები, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ საქართველოს წინსვლის შეჩერებას. რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას. ეს არის ჩვენი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა. ეს არის მტკივნეული გამოწვევა მათ შორის ევროპის საბჭოსთვის.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სიტუაცია არის უმწვავესი ხარისხის ჰუმანიტარული კატასტროფა. ოკუპაციამდელ პერიოდთან შედარებით, 5-ჯერ არის შემცირებული მოსახლეობის რაოდენობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ყოველდღე ჩვენ ვხედავთ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს, ეთნიკურ ნიადაგზე მოსახლეობის დისკრიმინაციას.

ქრისტიანული სამყარო ამ დღეებში აღნიშნავს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ჩვენს მოქალაქეებს კი, იმის საშუალებაც არ აქვთ, რომ თავიანთი წინაპრების საფლავზე მივიდნენ და სანთელი დაანთონ. გრძელდება გატაცების, არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის, წამების და მკვლელობის ფაქტები. სწორედ ამ არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ ჩვენი მოქალაქეები - გიგა ოთხოზორია, არჩილ ტატუნაშვილი და დავით ბაშარული. რამდენიმე კვირის წინ მოხდა კიდევ ერთი შემზარავი ტრაგედია, როდესაც გარდაიცვალა უკანონოდ დაკავებული ჩვენი მოქალაქე - ირაკლი კვარაცხელია.

ამ და სხვა სასტიკი დანაშაულების საფუძველზე შეიქმნა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია", რომელშიც ჩაიწერა ამ დანაშაულების ჩამდენი პირების გვარები. ევროპის საბჭოს მთავარი ღირებულება არის ადამიანის უფლებების დაცვა. ამ სიის ფიგურანტებს საერთაშორისო სამართლით მოეთხოვოთ პასუხი და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

საქართველოს პრემიერმინისტრი პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები