ბიომრავალფეროვნების აღდგენა

პრემიერი: საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს მწვანე ეკოტურიზმში და ეს იქნება ჩვენი პრიორიტეტი

წლების განმავლობაში წარმოებულმა უპასუხისმგებლო პოლიტიკამ და გარემოსდაცვითი პრინციპების იგნორირებამ საკმაოდ მძიმე რეალობის წინაშე დაგვაყენა და ჩვენ ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგებს დღემდე ვებრძვით. რამდენიმე თვის წინ ჩვენ დავაანონსეთ ჩვენი პრიორიტეტები და ძალიან მკვეთრი აქცენტი გავაკეთეთ მწვანე პოლიტიკასა და მის შემადგენელ მწვანე ეკონომიკაზე. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვცდილობთ, გარემოს დაცვის პრიორიტეტულობა წარმოვაჩინოთ ყველა ინიციატივაში. გამწვანებაზე ფიქრი საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია. სწორედ ეს არის ჩვენი გაცხადებული მიზანი და ამას განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ. დღეს ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომლითაც იამაყებს არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მომავალი თაობები. ჩვენ ვიწყებთ კრწანისის ტყე-პარკის აღდგენას და განვითარებას. ჩვენ აქ შევქმნით ნამდვილ ცოცხალ მუზეუმს, სადაც წარმოდგენილი იქნება არა მარტო არსებული უნიკალური ფლორა და ფაუნა, არამედ გავაშენებთ მცენარეებს წითელი ნუსხიდან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ და უზრუნველვყოთ ბიომრავალფეროვნება ამ ულამაზეს რეგიონში. 

მჯერა, ადამიანური კაპიტალის განვითარების პარალელურად საქართველოს ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს მწვანე ეკონომიკის განვითარებაში, ეკოტურიზმში. ეს იქნება ჩვენი გაცხადებული პრიორიტეტი, რომელსაც რეალური პროექტებით უზრუნველვყოფთ რეალურ ცხოვრებაში. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ წლების განმავლობაში, მიუხედავად არსებული დაბრკოლებებისა, შეგვინარჩუნა კრწანისის ტყე-პარკი. ახლა კი ჩვენი ვალია, მოვუაროთ, აღვადგინოთ და შემოვიტანოთ მეტი ბიომრავალფეროვნება ამ ულამაზეს ადგილზე.

 

 

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბიომრავალფეროვნების აღდგენის პროგრამის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

კომენტარები