არჩევნები 2019

ბოკერია: ელისაშვილმა თავად გვთხოვა, ხომ არ დავუთმობდით მთაწმინდაზე ადგილს მის კანდიდატს

ალეკო ელისაშვილისგან უცნაური განცხადება მოვისმინე, რომ თითქოს ევროპული საქართველო ეხვეწებოდა, დამდგარიყო კანდიდატად. ეს არ არის სიმართლე. ჩვენ შეხვედრა გვქონდა, რომელიც მისი ინიციატივით შედგა, მე ამით მოხარული ვიყავი. ჩვენ იქ ვიხილავდით არჩევნებთან დაკავშირებით ურთიერთმოსაზრებებს. არანაირი თხოვნა არ ყოფილა. მისი მხრიდან იყო თხოვნა, ხომ არ დავუთმობდით ამ ოლქში მის კანდიდატს ადგილს და არ გავუწევდით კონკურენციას. ცოტა უცნაური და არაკორექტულია: თუ ასეთი რამის თხოვნა გინდა, შემდეგ კი საჯაროდ იძახი, რომ ეს სიბინძურეა და "ნაცს" უწოდებ შალვა შავგულიძეს და ემთხვევი შენს გზავნილში ქართულ ოცნებას, ეს არ არის პატიოსანი პოზიცია. თუ თანამშრომლობისთვის მზად ხარ და შეხვედრაზე მოდიხარ, ოღონდ შემდეგ საჯაროდ თავდემებს ესხმი თავს, რატომ გაეკარნენ ამ ძალიან ცუდ ხალხსო, ვწუხვარ, მაგრამ ეს არ არის პატიოსანი პოზიცია - თავისუფალი დემოკრატები პატიოსნად, ღიად თანამშრომლობენ ჩვენთან და საჯაროდ სხვა პოზიცია არ უკავიათ.

მიუხედავად ამისა, ჩვენ გვსურს დიალოგი. მოვუწოდებ ყველა მათ მომხრეს, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ - მათი და, ჩემი აზრით, მთელი ქვეყნის ინტერესებშია ეს. რა პერსონალური წყენებიც არ უნდა იყოს, არავის ვესხმით თავს იმის გამო, რომ რაღაც პოზიციები არ დაიკავა. ბუნებრივია, ვპასუხობთ არასწორ ინფორმაციას და ეს, რაც ბატონმა ელისაშვილმა გაავრცელა, არ არის სიმართლე. რადგან მან გამოიტანა ეს შეხვედრა სააშკარაოზე, დავამატებდი, რომ ჩვენ გვქონდა კორექტული, ცივილიზებული შეთანხმება - მეორე ტურში ვინც არ უნდა გასულიყო, ჩვენ დავუჭერდით მხარს

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია ტაბულასთან ინტერვიუში. ცნობისთვის, საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მისი ამომრჩეველი "ნახირი არ არის". ელისაშვილის თქმით, რამდენიმე დღეში გადაწყვეტს მისი გაერთიანება, დაუჭერს თუ არა მხარს თავისუფალი დემოკრატების და ევროპული საქართველოს კანდიდატს შალვა შავგულიძეს მთაწმინდის შუალედური არჩევნების მეორე ტურში. მოძრაობის წევრმა ლევან იოსელიანმა, რომელიც მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო, პირველ ტურში 6.55% (964 ხმა) მიიღო.

კომენტარები