ნოდია: მოძალადე ჯგუფები სწორედ ამ ხელისუფლების გაძლიერებულია, ამიტომ ვერ იღებს ზომებს

გვაქვს რეალობა: მოძალადე ჯგუფები და ლევან ვასაძის მსგავსი იდეოლოგები არა მხოლოდ ცდილობენ გარკვეული უმცირესობის დაჩაგვრას (რაც, ცხადია, თავისთავად პრობლემაა), არამედ უპირისპირდებიან ქართულ სახელმწიფოს, როგორც ასეთს. ისინი ღიად მოუწოდებენ მასობრივი ძალადობისა და კანონის დაუმორჩილებლობისკენ. ხელისუფლება მოვალეა, მათ შესაბამისად უპასუხოს, მაგრამ ამას არ აკეთებს.

შეგვეძლო გვეთქვა, რომ სექსუალური უმცირესობების დაცვა ქართულ საზოგადოებაში არაპოპულარული საქმეა და ამის გამო ხელისუფლება პოლიტიკურად მძიმე დღეშია. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს, სულ მცირე, ცალმხრივი მსჯელობაა. მოძალადე ჯგუფები სწორედ ამ ხელისუფლების შექმნილი თუ არა, გაძლიერებული და გათამამებულია, როგორც პოლიტიკური მოკავშირეები. სწორედ ამიტომ ვერ იღებს მათ წინააღმდეგ კანონიერ ზომებს და არა იმიტომ, რომ ეს არაპოპულარული იქნებოდა. ხვალ შეიძლება ეს ხალხი ისევ დასჭირდეს, რომ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს მიუქსიოს და ხმები მოუტანოს.

ამაშია პრობლემის ძირითადი არსი და არა იმაში, რომ ქართული საზოგადოება არ არის მზად, სექსუალური უმცირესობების უფლებები შეიწყნაროს (თუმცა, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი განწყობების პრობლემაც არსებობს).

პოლიტოლოგია გია ნოდია თბილისი პრაიდის კვირეულის წინააღმდეგ გამოსული სიძულვილის ჯგუფების შესახებ.

კომენტარები