ლგბტ კვირეული

კვიციანი: უკმარისობა დამრჩა, ფიცი უნდა დავდოთ, როგორც "მონადირე"-ს წევრებმა შემომფიცეს

[ვერის ბაღში შეკრებიდან] ერთი უკმარისობა კი დამრჩა და ეს არის ფიცი! ფიცი თუ არ დაიდო, ამ გაერთიანებას დიდი დღე არ უწერია! ფიცი უნდა დავდოთ ყველამ და დადოს ბ-ნმა ლევანმა, როგორც მე დავდე 1992 წლის 3 აგვისტოს და, როგორც "მონადირის" ყველა წევრმა შემომფიცა ერთგულება! ბოლომდე ერთმანეთის და სამშობლოს დაცვა! აი, მერე ვერაფერი დაანგრევს ქართველთა ერთობას. საქართველო გადარჩება. სიმართლე გითხრათ სუსი ვიგრძენი, ვიგრძენი უცხო ქვეყნებში მოღვაწე მოღალატე ქართველთა ჩართულობა, მაგრამ თვითონ ლევან ვასაძის იმედი მომეცა, რადგან გუშინ ის ძაან გულწრფელი მომეჩვენა. გულწრფელი ადამიანი ამდენ გულანთებულ ადამიანთან ერთად, ფიცით თუ შეიკრა და უფლის სახელით ვიმოქმედეთ, ქართველებო, გადარჩებით.

მე გუშინ ჩავეწერე სიაში, არ ვიცი, რომელ ათეულში მოვხვდები, მაგრამ ვიცი, რომ ეს მე გულწრფელად მინდა! არ გვეშინია 223-ე მუხლის, რომელიც ქართველთა დასამონებლადაა შექმნილი! უფლის სახელით "ერთი ყველათვის,ყველა ერთისთვის"! დიდება ღმერთს!!!

წერს Facebook-ზე პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ემზარ კვიციანი თბილისი პრაიდის წინააღმდეგ შექმნილი "სახალხო რაზმების" შესახებ. ცნობისთვის, "მონადირე", რომელსაც კვიციანი ახსენებს, მისი ხელმძღვანელობით გასამხედროებული ორგანიზაცია იყო, რომელიც კვიციანის გუბერნატორობის დროს, კოდორის ხეობის ყველა სოფელს აკონტროლებდა. მას უშუალო კავშირი ჰქონდა აფხაზ სეპარატისტებთან და რუსული არმიის წარმომადგენლებთან. "მონადირე" ვარდების რევოლუციის შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ დაშალა, კვიციანის სპეციალური სტატუსი კი აფხაზეთის ლეგიტიმურმა მთავრობამ საერთოდ გააუქმა. ამის შემდეგ, ემზარ კვიციანმა ცენტრალურ ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა.

კომენტარები